რეჟიმმა "ხარება" დაზარალებულად ცნო
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსლუზივი - სინდისის პატიმრების საქმეში რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ოფისის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილი კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ აქციების პერიოდში სპეცრაზმმა სხვადასხვა სახის აღჭურვილობა დაკარგა.
- "შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი, ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი, მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან დაკარგა ან გაუფუჭდა.
"ხარება" ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეებმა "ფერადი საღებავებით დაუზიანეს" წყლის ჭავლის მანქანა, გაუბზარეს საქარე მინდა და დაეკარგა კონკრეტული სპეცრაზმელებისთვის მიბარებული ნივთები.
ამასთან, "შაბათის ეთერთან" რევაზ ღამბაშიძემ, რომელიც სპეცრაზმელების აღჭურვილობაზეა პასუხისმგებელი, დაადასტურა, რომ ყველა დაკარგული ნივთი ერთ პატაკში ჩაიწერა, ბუღალტერიამ კი მათი ღირებულება განსაზღვრა და მონაცემები კრიმინალურ პოლიციას გადასცა - სწორედ ეს მონაცემები შეიტანეს სინდისის პატიმრების საქმეში.
- სინდისის პატიმრების სისხლის სამართლის საქმეში ვკითხულობთ, რომ სპეცრაზმელებს "დაეხათ უნიფორმებიც" - ზამთრის ჩაცმულობაც და ზაფხულისაც. საუბარია, 82 ქურთუკზე, 24 შარვალზე, ზაფხულის 127 ფეხსაცმელსა და ზამთრის 21 ფეხსაცმელზე. ასევე, დაზიანებულა ერთი ცალი შავი ყელიანი პულოვერი.
სინდისის პატიმრების საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ სანქცირებულმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ შეადგინა. ამ შემთხვევაში, რეჟიმის პატიმრებს "შკოდას" ორი მანქანის დაზიანებას აბრალებენ. დაზარალებულად ცნეს თბილისის მერიის ურბანული განვითარების სააგენტო და თბილსერვისიც. 16 იანვარს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი, იოსებ მამადაშვილი წერს, რომ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში აქციების მონაწილეებმა დააზიანეს მერიის ბალანსზე არსებული ინვენტარი.
რეჟიმის გამოძიებამ ზარალში ჩაწერა პარლამენტის შენობიდან საპროტესტო გზავნილების წაშლაც - საკანონმდებლო ორგანოს კედლების გასუფთავება თუ საქმის მასალებს დავეყრდნობით 20 ათასი ლარი დაჯდა. თბილისის მერია ჩივის განადგურებულ ბუჩქებზე და ბალახის საფარზე.
ე.წ. დაზარალებულ უწყებებს შორის ლიდერი პარლამენტია - 2025 წლის 17 იანვარს გამოიკითხა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. ისიც წერს, რომ აქციით მონაწილე მხრიდან დაზიანებულ ან განადგურებულ იქნა პარლამენტის ბალანსზე არსებული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.
შენობაში, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს, სპეცრაზმი იყო გამაგრებული, ამტკიცებენ, რომ კონდინციონერი და ფარდები დაზიანდა.
მაღაზია "ბოსიც" ამტკიცებს, რომ ვიტრინა აქციის მონაწილეებმა ჩაუმსხვრიეს - ის დაზარალებულად უკვე სცნეს.