ივანიშვილის რეჟიმი დაუსჯელობის სინდრომზე დგას - გურამ როგავა
"ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კაციტაძის უწყებისგან პასუხებს ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც უწყებამ მხოლოდ მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ამოიღო, თუმცა საქმის მასალებიდან გაარკვია, რომ კამერები ზუსტად იმ დროს აღმოჩნდა გათიშული, როდესაც მასზე ძალადობას ჰქონდა ადგილი.
გურამ როგავა ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყება მის საქმეზე კონკრეტულ შედეგს არ დადებს. მისი თქით, სწორედ დაუსჯელობის სინდრომზე დგას ივანიშილის რეჟიმი.
გამომძიებელი გაოცებული იყო, როცა მოვითხოვე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მკითხა, რაშ გჭირდებაო, შენმა ოპერატორმა და სხვა ტელევიზიებმა ხომ გადაიღესო და ავუხსენი, რომ იქნებ მერე ნიღბიანი რომ გაიქცა სადმე, ნიღაბი მოიხსნა, რომელ დანაყოფს შეუერთდა, ეს რაღაც კვალზე დაგვაყენებდა და ჯანდაბას, შენ თუ გინდა, მაშინ ამოვიღებთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსო და მერე, ჩემი საქმის მასალებს რომ გავეცანი, იქ დოკუმენტაცია არსებობს, სადაც მიმართეს სუსს, შსს-ს, თბილისის მერიას, საქართველოს პარლამენტს და პასუხი არის, რომ ზუსტად 29 ნოემბერს 2024 წლის დილის 04:15 წუთზე ყველა კამერა გაითიშა მაინც და მაინც ჩემზე თავდასხმის მომენტში.
არ მაქვს იმედი, რომ გამოძიება კონკრეტულ შედეგს დადებს ამ ფაქტებიდან გამომდინარეც და იქიდან გამომდინარეც, რომ ზოგადად. წარსულის ტენდენციაც აჩვენებს იმას, რომ დაუსჯელობის სინდრომზე დგას ივანიშვილის რეჟიმი და დაუსჯელობის სინდრომით ცდილობს ჩვენ უიმედობა ჩაგვისახოს, - ამბობს გურამ როგავა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქციების დარბევიდან სამი თვის შემდეგაც არ უთქვამს, მოახერხა თუ არა რომელიმე სისხლის სამართლის საქმის გაეხსნა - იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არაერთი მოძალადე სპეცრაზმელი ან პოლიციელი, რომლებმაც მშვიდობიან დემონსტრანტებს სახის ძვლები დაულეწეს, ჯგუფურად სცემეს და აწამეს. რეჟიმს თაროზე აქვს შემოდებული შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეც.
ამ ფონზე, სინდისის პატიმრების საქმეში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში "ხარება" ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება დაკარგეს.
- "შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი, ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი, მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან დაკარგა ან გაუფუჭდა.
საქმის აბსურდულობა იმ მასშტაბზე გავიდა, რომ დაკარგული ნივთების სია სინდისის პატიმრების წინააღდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეებში ჩადეს.