"საქართველო აჯანყდი" - საზმაუსთან შეკრებილებმა მსვლელობა დაიწყეს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პირველი არხის სამეურვეო საბჭოს დასკვნას აპროტესტებენ, რომელმაც კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების საქმის პროკურატურაში წაღება მოითხოვა.
კოსტავას ქუჩაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და პირველი არხის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
"საქართველო აჯანყდი", "უსამართლო სასამართლო", ცეცხლი ოლიგარქიას" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ უკანონო მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებას და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
კოლეგას იჭერენ, ასამართლებენ სამართლიანობის გამო და შენ ჟურნალისტიკა დუმხარ. პირიქით, მთელი ჟურნალისტიკას ფეხზე უნდა დამდგარიყო. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რასაც საზმაუს "კაგებე" აკეთებს", - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე იმსჯელა და არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზა.
ბორდის წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.