რატომ არ გაიყვანეს ავარიული კორპუსიდან მაცხოვრებლები? - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს

13.04.25 15:55
რატომ არ გაიყვანეს ავარიული კორპუსიდან მაცხოვრებლები? - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს

რატომ არ გაიყვანა თბილისის მერიამ ავარიული კორპუსიდან მაცხოვრებლები და რატომ არ იყო ადგილზე უსაფრთხოება დაცული? საკრებულოს ოპოზიცია 13 წლის ბიჭის სიკვდილზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი საბა ბუაძე ამბობს, რომ თბილისის მერიამ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. 

ეს ტრაგედიები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ საჯარო და საერთოს სივრცეების უსაფრთხოების კუთხით გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ და გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ. მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ეს არის ვიღაცის კერძო საკუთრება და მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, არის ძალიან მძიმე უპასუხისმგებლობა. აუცილებელია, მერიამ გაიაზროს უფრო მეტად საკუთარი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას ასეთი ტრაგედიების პრევენციისთვის, საზოგადოების ინფორმირებისთვის და იმისთვის, რომ დაეხმაროს საზოგადოებას, ამხანაგობებს და მოსახლეობას იმისთვის, რომ მოახერხოს ამ ხალხმა ამ ტრაგედიების თავიდან აცილება, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი  საბა ბუაძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ თბილისის მერია ჩამოშლილია, რის გამოც გამართულად ვერ მუშაობს. მისი თქმით, სწორედ ეს გაუმართაობაა მსგავსი ტრაგედიების მიზეზი.  

აღნიშნული კორპუსი თუ ავარიულია და ამის შესახებ იცის ყველამ, მაშინ ეს კორპუსი უნდა დაიხუროს, დაილუქოს, დაიშალოს და ადამიანები უნდა დაარწმუნონ, რომ იქ ცხოვრება არის საშიში. პრობლემა არის ის, რომ ჩამოშლილია სტრუქტურული ერთეულები. მერია არის ჩამოშლილი, ხელმძღვანელობა და შემდეგ სტრუქტურული ერთეულები. ის, რომ მერია ამაზე არ იყო ინფორმირებული, ეს იქნება ტყუილი. მერია იყო ინფორმირებული, უბრალოდ, მერიამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოშლილია ყველაფერი, ვერ მოახდინა რეაგირება ანუ არ მუშაობს გამართულად მერია და მისი არმუშაობის შედეგად ძალიან ბევრი ტრაგიკული შემთხვევა მივიღეთ თბილისში, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის მოზარდი ჩავარდა და  გარდაიცვალა.   უკვე დღეს ავჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას თბილისის მერია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყება ადასტურებს, რომ კორპუსი, სადაც მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა, ავარიულია და მობინადრეთა ნაწილი ქირით არის გაყვანილი. მათივე მტკიცებით, მოსახლეობის ნაწილმა ქირით გადაყვანის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.  

მსგავსი სიახლეები