"საქმეში ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი იკვეთება, ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს" - TI გიორგი ჩიკვაიძეზე
"გიორგი ჩიკვაიძის საქმეში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი იკვეთება" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ ვრცელ კვლევაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის შეფასებით, გახმაურებული საქმე, რომელიც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის სისხლისსამართლებრივ დევნას ეხება, პოტენციურად სამოქალაქო დავაა, რომელშიც არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა.
"უკანასკნელი ხანების ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის სისხლისსამართლებრივ დევნას ეხება, პოტენციურად სამოქალაქო დავაა, რომელშიც არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა. სამართალდამცავ სისტემაში კორუფციულ-ნეპოტისტურ ინტერესებთან ერთად, ამ საქმეში იკვეთება, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი.
გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ გამოძიების დაწყება საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის დარღვევით
- როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ელგუჯა თურმანიძის მუქარა, თუ ის მართლა იქნა გახმოვანებული, ლიტონი სიტყვები არ ყოფილა.
- 2024 წლის 23 იანვარს შედგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, აღნიშნულ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის („თაღლითობა“) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით („ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („დიდი ოდენობით“). გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შპს „ელთ ბილდინგის“ დირექტორის -- გიორგი კასრაძის 2024 წლის 17 იანვრით დათარიღებული განცხადება.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ზაზა მეტონიძის 2024 წლის 23 იანვრის დადგენილებით, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. აღნიშნულ დადგენილებაში აღიარებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას. თუმცაო, ნათქვამია დადგენილებაში, „საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად მიზანშეწონილია სისხლის სამართლის N... საქმე გამოსაძიებლად გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს.“
- დადგენილებაში მითითებული საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანება წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც სპეციალურად იმისთვის არის მიღებული, რომ განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის საკითხები.
- აღნიშნული ბრძანების დანართის, სახელწოდებით „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა“, პირველი პუნქტის თანახმად, „სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი“. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნული დანართი რაიმე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ფაქტია, რომ აღნიშნულ დანაშაულზე მითითებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უნდა დაწყებულიყო არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, მაგალითად, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში.
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. ამგვარ უფლებამოსილებას ციტირებული ნორმა აჭარის პროკურორს არ გადასცემს.
- აჭარის პროკურორის ზემოთ ხსენებულ დადგენილებაში, დადგენილების იურიდიულ საფუძვლებად, სხვა აქტებთან ერთად, მითითებულია საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 მარტის N34-გ, 2020 წლის 06 მაისის N021 და N016 ბრძანებები, რომელთაგან პირველი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და საქართველოს პროკურატურის ვეგვერდებზე არ იძებნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ დადგენილებას, ისინი არათუ არ ანიჭებს აჭარის პროკურორს უფლებამოსილებას ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღოს საქმე ერთი ორგანოდან და გადასცეს მეორეს, არამედ 2020 წლის 06 მაისის N021 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად აჭარის ა/რ პროკურორი უფლებამოსილია ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში, ანუ გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანებით დამტკიცებული ქვემდებარეობის წესით და არა სხვაგვარად. იმავე დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს ამოცანებია ა/რ პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება. ანუ, საგამოძიებო სამმართველო ვერ გამოიძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი ქვემდებარეობის წესის თანახმად პროკურატურის ქვემდებარე არ არის.
- გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, თავის ზემოაღნიშნულ დადგენილებაში აჭარის პროკურორი საქმის აჭარის პროკურატურისთვის გადაცემის მოტივად მიუთითებს „საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების“ ჩატარების მიზანზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად (იხ. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი), საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ვალდებულება ყველა სამართალდამცავი ორგანოს გამომძიებლის საერთო ვალდებულებაა და საქმის ერთი ორგანოდან ამოღების და მეორესთვის გადაცემის საფუძველი ის ვერ გახდებოდა. გარდა ამისა, გაუგებარია, როგორ „გადასცა“ ეს საქმე აჭარის პროკურორმა მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას, თუ საქმის გამოძიება ისედაც აჭარის პროკურატურაში დაიწყო.
- ზემოაღნიშნული დარღვევები იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი ჩიკვაიძის განცხადება, რომ ელგუჯა თურმანიძე მას განადგურებით ემუქრებოდა და ამ მუქარის რეალობასთან შესაბამისობის საბუთად აჭარის პროკურატურაში გავლენიანი ნათესავის არსებობაზე მიუთითებდა, შესაძლოა, მართლაც სიმართლეს შეესაბამებოდეს. სხვაგვარად, ძნელია რაიმე სხვა ახნა მოეძებნოს იმ გარემოებას, თუ საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის როგორი დარღვევა მოუხდა აჭარის პროკურორს იმისათვის, რომ ერთი ჩვეულებრივი, არსებითად სამოქალაქო საქმის გამოძიება მაინცდამაინც აჭარის პროკურატურისათვის დაექვემდებარებინა.
- საქმის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემა -- კიდევ ერთი თვითნებური აქტი
- ის გარემოება, რომ საქმის გამოძიება აჭარის პროკურატურამ თვითნებურად, საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის დარღვევით, თავის თავს დაუქვემდებარა, ირიბად აღიარებულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ. 2024 წლის 1 მარტს გენერალური პროკურორის მოადგილემ - გიორგი ბადაშვილმა მიიღო დადგენილება საქმის გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისათვის გადაცემის შესახებ. დადგენილებაში, სხვა აქტებთან ერთად, მითითებულია გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 მარტის N33-გ და N34-გ ბრძანებებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში არ იძებნება.
- საქმის აჭარის პროკურატურიდან ამოღების და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისათვის გადაცემის მიზეზი და მიზანი დადგენილებაში ახსნილი არ არის. ასევე არ არის ახსნილი, თუ რატომ გადაეცა საქმე აღნიშნულ ორგანოს მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის გამოძიება ისევე არ არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე, როგორც არ იყო აჭარის პროკურატურის ქვემდებარე. უფლებამოსილების ქონა მისი გამოყენების აბსოლუტური დისკრეციის ქონას არ ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველო ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ცხადია, არ წარმოადგენს.
დასკვნა:
- გიორგი ჩიკვაძის საქმე არსებითად სამოქალაქო ხასიათისაა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი სამოქალაქო დავის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხილულიყო.
- გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების ამოქმედება წარმოადგენს ამ მექანიზმებისა და მთლიანად სამართალდამცავი/მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას.
- სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მოტივი, დიდი ალბათობით, ორგვარია: ერთი მხრივ, იკვეთება გიორგი ჩიკვაიძის მოწინააღმდეგე მხარის კორუფციულ-ნეპოტისტური ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, რომ ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი", - წერია განცხადებაში.
TI-ის სრული დასკვნა ნახეთ აქ.