ეს ხალხი ასრულებს ივანიშვილის, სუს-ის და გომელაურის დავალებას - ხაბეიშვილი პოლიციის მე-9 განყოფილებასთან მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პოლიციის მე-9 განყოფილებასთან მივიდა და სამართალდამცველებს ზურაბ აბაევის ცემასთან დაკავშირებით, პასუხი მოსთხოვა.
განყოფილების უფროსმა რუსლან იოსელიანმა ცემის ფაქტი უარყო და განმარტა, რომ აბაევის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლის დარღვევის გამო მოხდა.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ “(პოლიცია) კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა და ისინი პირდაპირ ასრულებენ ივანიშვილის დავალებას.“
ცდილობენ ჩვენი ოფისიდან შემოსული და გასული ადამიანები დააშინონ, მოიტაცონ, ვისზეც მოტაცება და დაშინება არ ჭრის, მერე სცემონ. არ გაჭრა ამ ადამიანის წინაღმდეგ საუბარმა, ოპოზიციონერია, კომისიის წევრია და ადგნენ და გალახეს, მოხვდა საავადმყოფოში. უნდა გვესმოდეს - ჩვენ ვაპირებთ ყველას დაცვას, მათ შორის ხმების, ჩვენი კომისიის, დამკვირვებლების და საბოლოო ჯამში გამარჯვებას 26 ოქტომბერს. თუმცა ეს შენობა, რომელიც ჩემს უკან დგას, სამწუხაროდ,გადაიქცა კრიმინალების თავშესაფრად და ეს ხალხი პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის, სუს-ის და გომელაურის დავალებას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი ამბობს, რომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ზურაბ აბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის შეუძლოდ გახდა.
აბაევს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება. როგორც ნაცემი ოპოზიციონერის ადვოკატი ამბობს, დაპირისპირება ფოტოების გადაღების გამო დაიწყო. არსებობს ეჭვი, რომ პოლიცია ოპოზიციონერს უთვალთვალებდა და მობილურით იღებდა.