ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები რუსეთის ახალ იერიშს გმობენ: „რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს“
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მწვავე განცხადებებით ეხმაურებიან. მათი შეფასებით, კრემლი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის პოლიტიკას აგრძელებს და საერთაშორისო საზოგადოებამ საპასუხო ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, რუსეთის ქმედებები მიზანმიმართული ტერორის ნაწილია.
„ეს მოსკოვის გათვლილი ტერორის სტრატეგიაა. მხოლოდ მტკიცე, უკომპრომისო ზეწოლას და სრულ საერთაშორისო იზოლაციას შეუძლია შეაკავოს აგრესორი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს. თავის დაძვრენის ყოველი საშუალება, ყოყმანის ყოველი წამი, ყოველი შერბილებული რეაქცია შემდეგი დარტყმის მოსაწვევად იქცევა. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს“, - წერს ცაჰკნა.
რუსეთის ქმედებებს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისიც, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მორიგი იერიში კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლის დამოკიდებულებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
„სულ უფრო ხმამაღლა ისმის ხმები, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან და ბელარუსში მის მარიონეტულ რეჟიმთან კავშირების აღდგენას. ასეთი მოწოდებები უგულებელყოფს მარტივ რეალობას: სახელმწიფოებთან, რომლებიც აგრძელებენ აგრესიულ ომს და ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება შეუძლებელია. ნორმალიზაციისკენ ყოველი ნაბიჯი პასუხისმგებლობის გარეშე მხოლოდ ამხნევებს აგრესორს“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ბუდრისის შეფასებით, მხოლოდ დაგმობა აღარ არის საკმარისი და უკრაინას უფრო აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.
„მას მოქმედება სჭირდება. საჭირო ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული“, - წერს ბუდრისი.
მისი თქმით, ასეთ ნაბიჯებს შორისაა სამხედრო დახმარების გაზრდა, სანქციების გამკაცრება, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.
„კრემლმა უნდა გაიგოს, რომ ტერორისტული აქტის ყოველი შემთხვევა უფრო დიდ ზარალს, უფრო ღრმა იზოლაციას და უკრაინისთვის უფრო ძლიერ მხარდაჭერას გამოიწვევს“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.