უკრაინული დარტყმის შემდეგ დონის როსტოვში ნავთობტერმინალის საწვავის რეზერვუარები სრულად განადგურდა - მედია

13.10.26 10:28
უკრაინული დარტყმის შემდეგ დონის როსტოვში ნავთობტერმინალის საწვავის რეზერვუარები სრულად განადგურდა - მედია

დონის როსტოვში უკრაინული დარტყმის შედეგად დაზიანებული ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერმინალის, ყოფილი „იუგ რუსის“, საწვავის რეზერვუარების პარკი მთლიანად დაიწვა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტერმინალზე საწვავის არცერთი დაუზიანებელი რეზერვუარი აღარ დარჩა.

დარტყმამდე ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 2,5 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტს შეადგენდა. მის ნავმისადგომთან ერთდროულად 3–5 ათასი ტონა წყალწყვის მქონე ორი გემის განთავსება იყო შესაძლებელი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა დღესვე შესაძლებელია, თუმცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამის სურვილი არ აქვს. მისი თქმით, დეესკალაციის ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით გამყარდეს.

მანამდე Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებდა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას მოითხოვდა. გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტითაც დაემუქრა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად იქნება, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.