სტავროპოლის მხარეში თბოელექტროსადგურსა და ქიმიურ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ
რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკის სამრეწველო ზონაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა — იერიშის სამიზნე თბოელექტროსადგური და ქიმიური ქარხანა გახდა.
ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქალაქში დრონების გამოჩენას აფეთქებები მოჰყვა.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია კომპანია „ევროქიმის“ ჯგუფში შემავალ ქარხანა „ნევინომისკი აზოტზე“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ძმარმჟავითა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებით ამარაგებს.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განმარტავენ, რომ აღნიშნული საწარმო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.