პატარიძეს „პანჩური“ ამოარტყეს, ამავე ნიჩაბზეა შემოსმული რუსთავის მეექვსე ციხის უფროსი - ელისაშვილი სისტემაში მიმდინარე პროცესებს აფასებს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი ციხეთა სისტემაში მიმდინარე პროცესებს სასამართლო დარბაზში გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, პატიმართა ოჯახის წევრების შეუპოვარი ბრძოლის შედეგია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძე თანამდებობიდან გადადგა.
„ამის დასტურია ისიც, რომ პენიტენციურის უფროსი, გადადგა. „პანჩური“ ამოარტყეს. ამავე ნიჩაბზეა შემოსმული იმ ციხის უფროსი, სადაც მე ვარ გამომწყვდეული. მოუწიათ პენიტენციური სამსახურის უფროსის გაშვება და ასე მოუწევთ ნომერ მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის [შოთა ტრაპაიძე] გაშვებაც, რადგან გიორგი დავითაძისა და ძმები ფეიქრიშვილების ოჯახების არანორმალურ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ასევე ჩვენი პატიმრების ბრძოლის შედეგადაც"- განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, 2 ოქტომბერს, როცა ბადრაგების მიერ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების ამბავი გავრცელდა, "ინგრეოდა ციხე".
როდესაც 2 ოქტომბერს ინგრეოდა ციხე, გულხელდაკრეფილი არც მე ვყოფილვარ, ვენები არ გადამიჭრია, მაგრამ არც მშვიდად და წყნარად ვყოფილვარ. ვიბრძოლეთ... პატარიძე ამორალური სახით რომ გამოვიდა და სადისტ, მწამებელ ბადრაგებს ნაქეიფარი სახით მადლობა გადაუხადა, ხომ დააწერინეს განცხადება? ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს.
ყველას ვინც იმედგაცრუებულია მინდა ვუთხრა, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ბოლომდე უნდა მივაწვეთ. სერბეთისა და უნგრეთის მერე ამათი ჯერია!
ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა იციან, რომ აქამდე თუ ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს ასრულებდნენ, ახლა მაგის შვილის, ბერას ხუშტურებს ასრულებენ. რეიდი მოაწყო გლდანის ციხეში, კაცის მოსაკლავად და დასალეწად შეიყვანეს, სპეციალური დადგმით, 5-საფეხურიანი დანაშაულის სქემა მოაწყვეს, რაზეც აუცილებლად პასუხს აგებენ.
რატომ? რადგან ბერას, უფლისწულსა და ბატონიშვილს ასე „მოეპრიანა“! ეს უნდა დავამთავროთ და აუცილებლად დავასრულებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.