"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა
"ქართულმა ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ბიძინა ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიას გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ შეიყვანეს.
კირცხალიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს სჯიან იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა "ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს - გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს".
ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობაზე მაღლა.
სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მორიგ სპეკულაციასთან დაკავშირებითაც, რადგან შეუძლებელია საქართველოში მედიაგარემოს აფასებდე და არ იმჩნევდე რეალობას, რომლის ობიექტური შეფასებისას აშკარაა, რომ საქართველო როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში მედია გარემო დღეს იმდენად პლურალისტურია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებს ხელისუფლების მიმართ უმწვავესი კრიტიკის გამოხატვისა და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ნებისმიერი ბრალდების გაჟღერების შესაძლებლობა აქვთ. მეტიც, თავად განსაჯეთ რამდენად აბსურდულია აღნიშნული ბრალდება, როდესაც რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის იარაღად ქცეულ მედიასაშუალებათა დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის მიერ, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას დღემდე არ აღიარებს; ასევე, ამ მედიასაშუალებების და ე.წ. ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი საქართველოში რევოლუციური პროცესების ავანგარდში იდგნენ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორც პირადად ჩემთვის, ისე მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის საამაყოა, რომ დღეს საქართველოში სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც არასდროს!
ამ ფონზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სხვა არაფერია თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა, პირადი, მაღალი რისკის ფასად, იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს - გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.
რასაკვირველია, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა შეფასებას გამოაქვეყნებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კარნახით მოქმედი ესა თუ ის ორგანიზაცია, რადგან როდესაც ეროვნულ ინტერესებს იცავ, სუვერენიტეტს არ თმობ და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს ატარებ, არა მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მოკერებისთვის, არამედ ბევრად, ბევრად უფრო დიდი ზეწოლისთვისაც მზად უნდა იყო.
გარწმუნებთ, რომ როგორც პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისე „ქართული ოცნება“ და რაც მთავარია, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი ამ ყველაფრისთვის მზად არის! “, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
"პირველების" ჟურნალისტმა კირცხალიას ჰკითხა, თუ ასეთი ღიმილისმომგვრელი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიე გამოქვეყნებული ინფორმაცია, მაშინ რატომ მიუძღვნა ამას "ოცნებამ" სპეციალური ბრიფინგი, რაზეც კირცხალიამ ასე უპასუხა:
დამერწმუნეთ (ღიმილისმომგვრელი იყო ივანიშვილისთვისაც) და არა მხოლოდ ეს. არცერთ ასეთ მექანიზმს ამ ოლიგარქიული მმართველობის, არცერთ რეზოლუციას, არცერთ სტატიას არ ვტოვებთ უპასუხოდ და არც დავტოვებთ. ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს აი ამ ბინძური ძალების დაკვეთით.... ისინი მიჰყვებიან თავიანთ სცენარს, რომ შემდეგ ეს ბიძნური ტყუილი იქცეს ფაქტად. არა მხოლოდ ეს, ბატონი ბიძინა წლებია სანქციების ქვეშაა, წლებია ვხედავთ რამდენი იარლიყი მიაწებეს მას, მის ოჯახს, ჩვენს ქვეყანას. ეს ძალები თავიანთი ქვეყნის გარეთ, თავიანთი ორგანიზაცეიბით, თუ მედია-პლატფორმებით ცდილობენ, რომ როგორმე ქვეყანაში ავტორიტეტებს მიაყენონ ზიანი და შეულახონ ავტორიტეტი. ეს მათთვის არის კონტპროდუქტიული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ხდება თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტზე ყველა ხერხით, ადამიანზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტი", - განაცხადა კირცხალიამ.
ამ განცხადების შემდეგ, "პირველებმა" "ოცნების" ლიდერს სთხოვა დაესახელებინა ერთი ორგანიზაცია და ერთი ორგანიზაციის რეიტინგი მიანც, რომელიც მისი შეფასებით ობიექტურია და რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება დაცულია:
შეიძლება ორგანიზაცია არ გამახსენდეს ზუსტად, მაგრამ მათ შორის ატლანტიკური საბჭოს კვლევა იყო, დამთავრდება თუ არა შემიძლია ლინკი გამოგიზავნოთ, სადაც როგორც მედია ისე სასამართლო, ასევე დემოკრატიული ღირებულებები პირველ ათეულში იყო, მოწინავე ადგილზე იყო. ასევე ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მსოფლიო ბანკიით დაწყებული სავალუტო ფონდით დამთავრებული - ყველა ციფრით და მონაცემით ვართ მოწინავე ადგილზე", - განაცხადა კირცხალიამ.
"პირველებმა" "ოცნების" წევრს ასევე ჰკითა, თუ რატომ იღებს მარეგულირებელი კომისია მხოლოდ კრიტიკული არხების წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს, რაზე პასუხადაც ირაკლი კირცხალიამ "ტვ პირველის" და ფორმულას" ლანძღვა დაიწყო:
რომელ შეზღუდვაზე საუბრობთ, წლებია ეთერში ზიხართ და შეურაცხყოფის, ცილისაწმების და სიბუნძურის ნიაღვარი გადმოედინება თქვენი ტელევიზიიდან და მათ შორის ფორმულადან. ჯერ ლეგიტიმაციას არ აღიარებთ, მერე ხალხს ცილს სწამებთ, მთელ სიბინძურეს და უტიფრობას გადმოადინებთ ეთერებიდან და რომელ ცენზურაზე საუბრობთ? ი8ცით რატომ, იმიტომ რომ ეს დავალება გაქვთ", - ამბობს კრიცხალია.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს.
ივანიშვილი „ეკონომიკური ზეწოლის“ კატეგორიაშია. RSF-ის შეფასებით, ამ კატეგორიაში მოხვედრილი პირები ფინანსური ბერკეტებით დამოუკიდებელი მედიის დასუსტებას, მისი დაფინანსების შეზღუდვასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ.
წლევანდელ სიაში პირველად მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩამონათვალში ასევე არიან ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.
ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული მეთოდებისა, სიაში მოხვედრილ პირებს საერთო მიზანი აქვთ - ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა და საზოგადოების დამოუკიდებელი ინფორმაციის გარეშე დატოვება.
ორგანიზაციამ ანგარიში 2 ნოემბერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოაქვეყნა.
მსგავსი სიახლეები
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
"სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.