საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე
საია-მ ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა.
ორგანიზაციის შეფასებით, პაატა მანჯგალაძეს საქართველოს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, „კვლავ აგრძლელებს ბრალის ინდივიდუალიზაციისთვის საგანგაშო ტენდენციას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება მიესადაგება“.
საიას თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
„ბრალდების დასაბუთებაში მისი პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო აქციასთან კავშირი არ არის გამიჯნული ძალადობის ორგანიზებაში ინდივიდუალური მონაწილეობისგან.
სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს, მნიშვნელოვანია, მან თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის სახით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება” - ნათქვამია განცხადებაში.