ფორმულას ჟურნალისტი: ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ

04.11.26 16:32
ფორმულას ჟურნალისტი: ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ

 

 

ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა სოფო ვარდიაშვილმა TV პირველს განუცხადა. 

მისი თქმით,  ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა.

როგორც ჟურნალისტმა განაცხადა მათ ნიუსრუმში დარჩენა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლებმა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.

„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.

შენობაში, სადაც სხვადასხვა ოფისები, მათ შორის ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ თქვა, რომ დაკვამლიანების გამო მაუწყებლობა დროებით ჩერდება. 

მსგავსი სიახლეები