შესაძლოა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს - ლანდსბერგისი "რუსულ კანონზე"
რუსული კანონის მიღების მცდელობა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიზნებს - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის გამოაქვეყნა განცხადება. ოფიციალური ვილნიუსი იტყობინება, რომ თუ საშიშ კანონპროექტს "ოცნების" ხელისუფლება საბოლოოდ დაააკანონებს, შესაძლოა ამით ძირი გამოუთხარონნ ქვეყნის ევრო ინტეგრაციის პერსპექტივას.
"საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და შესაძლოა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს," - ამბობს ლანდსბერგისი.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.
"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.