საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეში აგდებს - კრამერი რუსულ კანონზე

06.04.24 12:00
საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეში აგდებს - კრამერი რუსულ კანონზე

რუსული კანონის მიღებით, საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაში ბზარი გაჩნდება - ასეთია ვაშინგტონის მძიმე გზავნილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებიდან 15 წლის თავზე, შტატები იტყობინება, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მოძრაობს. გამოცდილი დიპლომატები, ვინც წლები სახელმწიფო დეპარტამენტში იმუშავეს, ფიქრობენ, რომ დღეის შემდეგ სწორედ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები განსაზღვრავს როგორ განვითარდება მოვლენები ორ ქვეყანას შორის. 

თუ საქართველოს ხელმძღვანელობა გააგრძელებს იმ გზაზე სვლას, რომელზეც დგას, მაშნ მომავალი არც თუ ისე ნათელია. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას ქართველ ხალხთან, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს გზა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის. მე ვიტყოდი, ნაბიჯები, როგორიცაა კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეში აგდებს. რთულია განავითარო სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანასთან, რომელიც ამგვარ ნაბიჯებს დგამს და არასწორი მიმართულებით მოძრაობს", - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი.

ამერიკის ყოფილ მაღალჩინოსნებს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.