ივანიშვილი "ოცნების" ახალ სახეებსაც გამოიყენებს და საბოლოოდ, აუცილებლად მოიშორებს - იგორ ნარმანია

03.06.25 11:31
ივანიშვილი "ოცნების" ახალ სახეებსაც გამოიყენებს და საბოლოოდ, აუცილებლად მოიშორებს - იგორ ნარმანია

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს. 

იგორ ნარმანიას განცხადებით, "ოცნების" მაღალჩინოსნები თანამდებობებს თავისი ნებით არ ტოვებენ და ასეთი გადაწყვეტილებები "ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ნაკარნახევი".

ენმ-ს წევრის თქმით, ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი სხვა "ქართული ოცნების" ახალი სახეებისთვის, რომ "ბიძინა ივანიშვილი მათაც გამოიყენებს, შემდეგ კი აუცილებლად მოიშორებს":

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ძირითად შემთხვევაში თავისი ნებით არ იღებენ გადაწყვეტილებებს, ძირითად შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაკარნახევი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთებინა ამ ადამიანებს არაერთი სიბინძურე ქართული საზოგადოების წინააღმდეგ და დღეს მათ მოშორებას აპირებს, განიხილავს და ახორციელებს. ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი სხვა "ქართული ოცნების" ახლანდელი მიწვეულებისთვის, რომლებიც არიან თანამდებობაზე, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი მათ გამოიყენებს, შემდეგ აუცილებლად მოიშორებს მათ", - ამბობს იგორ ნარმანია. 

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 
  • აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ ჭელიძე, მეტსახელად - "მოზგი" იყო ერთ-ერთი ვინც აქციებზე დარბევის ბრძანებებს გასცემდა. 

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ გიორგი იოსებიძე გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის. მის შემდცვლელად დავით არჩვაძე დაინიშნა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძეც ტოვებდნენ. 

  • ეს ინფორმაცია უწყებას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", რომელიც "შაბათის ეთერმა" ჩაწერა, არ პასუხობს კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცვლელთან, გელა გელაძესთან. 

"ხარება" გელა გელაძის წარდგენას არ დასწრებია.

მსგავსი სიახლეები