"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ პუტინის პირად ტყვესთან - კარამურზა ქართველი პოლიტიკოსების პატიმრობას რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ადარებს

26.06.25 17:04
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ პუტინის პირად ტყვესთან - კარამურზა  ქართველი პოლიტიკოსების პატიმრობას რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ადარებს

"ტვპირველის" ექსკლუზიური ინტერვიუ ვლადიმერ პუტინის პირად მძევალთან, ვლადიმირ კარამურზასთან.

რუსი დიქტატორის მთავარი ოპონენტი, ქართველი ოპოზიციონერების დაკავებების სერიას ვლადიმერ პუტინის ხელწერას ადარებს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში დღეს ხდება ის, რასაც პუტინი მმართველობის საწყისში აკეთებდა.

  • "დღეს რუსეთში 3 000-ზე" მეტი პოლიტიკური პატიმარია, სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოშიც" - აღნიშნავს კარამურზა.

ყოფილი პოლიტპატიმარი აცხადებს, ავტორიტარული რეჟიმის დამყარების პირველი ნიშანი სწორედ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაა, მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

როდესაც ქვეყანა დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ იწყებს სვლას, პირველი და ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომი არის პოლიტიკური პატიმრების გამოჩენა. ეს ძალიან კარგად ვიცით რუსეთის მაგალითზე. როცა ვლადიმერ პუტინი 25 წლის წინ მოვიდა ხელისუფლებაში, მან დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო. ერთ-ერთი პირველი სიმპტომი სწორედ პოლიტიკური პატიმრები იყო, რაც 90-იან წლებში აღარ გვქონდა, და საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ არსებობდა.

შემდეგ მათი რაოდენობა სწრაფად გაიზარდა – ჯერ ათეულები, შემდეგ ასეულები და დღეს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მიხედვით, რუსეთში 3 000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია. სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოშიც.

ეს პირველი და ყველაზე მძიმე ნიშანია – პოლიტიკოსების დაპატიმრება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივცეთ უფლება ასეთ ადამიანებს გაანადგურონ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში ისე, როგორც გაანადგურეს ისინი რუსეთში, ბელარუსში და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში," - განაცხადა კარამურზამ. 

რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ მისასალმებელია საქართველოს მოქალაქეების პროტესტი. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა, რომელიც ივანიშვილის მცდელობას წინ აღუდგა, რომ საქართველოში პუტინის მსგავსი რეჟიმი ჩამოაყალიბოს.

მან ევროპულ და დემოკრატიულ თანამეგობრობას მოუწოდა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა საქართველო ბელარუსის და რუსეთის გზას არ დაადგეს.

ამავდროულად, გამამხნევებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ პროტესტს თბილისის ქუჩებში – ჯერ კიდევ შარშანდელი მანიპულირებული არჩევნების შემდეგ. სამოქალაქო საზოგადოება აჩვენებს ძლიერ წინააღმდეგობას – მიუხედავად ბატონ ივანიშვილის მცდელობისა, საქართველოში პუტინის მსგავსი რეჟიმის ჩამოყალიბებისა: დამოუკიდებელი მედიის ჩახშობით, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით და ახლა უკვე – პარლამენტის სისტემური გაწმენდით ოპოზიციისგან.

ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპული და დემოკრატიული თანამეგობრობა – თავისუფალი სამყარო – მტკიცედ იდგეს იმ ქართველების გვერდით, რომლებიც არ სურთ, რომ საქართველო ბელარუსისა და რუსეთის გზას დაადგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალმა მსოფლიომ ცხადად და მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა ქართული საზოგადოების ევროპული, დემოკრატიული მისწრაფებებისადმი.

მე არ ვარ მხოლოდ პოლიტოლოგი – ჩემი განათლება ისტორიკოსისაა. ვიცით, რომ ისტორიის რკალი შეიძლება ნელა, მაგრამ მაინც დაიხრება თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, სამართლიანობისკენ.

და არ მეპარება ეჭვი, რომ დადგება დღე, როცა რუსეთი, ბელარუსი და საქართველოც იქნებიან წარმატებული, ფუნქციური ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნები, რომლებიც ინტეგრირებულნი იქნებიან ევროპულ ოჯახში.

ამ დღის მოსაწევად მნიშვნელოვანია, რომ კეთილი ნების მქონე ყველა ადამიანი ერთად იმოქმედოს," - აცხადებს კარამურზა. 

ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში საქართველოს შესახებ დებატები დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები