ემანუელ ზინგერისი: "ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა ბელარუსსა და ირანს შორის არის"

26.06.25 17:49
ემანუელ ზინგერისი: "ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა ბელარუსსა და ირანს შორის არის"

 

 

"ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა ბელარუსსა და ირანს შორის არის" - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელ ზინგერისმა "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ ზინგერისი, აღნიშნავს, რომ ახალი უკანონო დაკავებების ტალღა, სრული დეგრადაციაა საქართველოს მხრიდან ყველა იმ ევროპული ვალდებულების მიმართ, რომელიც მას როგორც რესპუბლიკას ჰქონდა.

ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კაცობრიობის სტანდარტებს, ახლა ბელარუსს ემსგავსება. ეს ნიშნავს ქვეყნის დეგრადაციას. ვფიქრობ, საქართველოს მდგომარეობა ბელარუსსა და ირანს შორის არის.

ამ ვითარებას დაემატა ის, რაც საგამოძიებო კომიტეტმა ახალი ტალღით წამოიწყო — უკანონო დაკავებების ტალღა, რომელიც ევროპული სტანდარტებით კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის სრული დეგრადაცია საქართველოს მხრიდან ყველა იმ ევროპული ვალდებულების მიმართ, რომელიც მას როგორც რესპუბლიკას ჰქონდა.

პირველი ნაბიჯი იყო, ცხადია, არასასამართლიანი არჩევნები. მე ოფიციალურად ვიყავი ევროსაბჭოს დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი. ვიხილეთ, რომ ვიდეოკამერები ყველა საარჩევნო უბანზე იყო დამონტაჟებული — და ეს არანაირად არ შეესაბამება სამართლიან არჩევნებს. ეს იყო "დიდი ძმის" მეთოდით ხმისმცემელთა ზედამხედველობა ყველა ქალაქში — თბილისიდან  ქუთაისამდე და ყველა სოფელში.

არჩევნები და მათი შედეგები უბრალოდ იყო დადგმული. მე ვხედავ ამ დეგრადაციის ხაზს, როგორ გადადის საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად სრულ დიქტატურაში.

ეს მასობრივი რეპრესიები, საგამოძიებო კომისიის შექმნა — ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აშორებს ქვეყანას ევროპული სამართლებრივი სივრცისგან, იმ სივრცისგან, რომელიც ეფუძნება ყველა იმ კონვენციას, რომელზეც საქართველოს აქვს ხელი მოწერილი, როდესაც გახდა მისი წევრი.

დღეს კი უკვე ნათელია, რომ საქართველო ეტაპობრივად ტოვებს ამ ვალდებულებებს, არღვევს ევროსაბჭოს მთავარ პრევენციებსა და კონვენციებს და არღვევს მათ სისტემურად.

ევროპული ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა დღეს საქართველოში დასული იქამდეა, რომ ქვეყანა მარტივი ფორმის დიქტატურას ემსგავსება," - განაცხადა ზინგერისმა. 

ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში საქართველოს შესახებ დებატები დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები