დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა- ლაგოდინსკი
ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი X-ზე წერს.
მისი თქმით, “საქართველოს მმართველმა პარტიამ სისხლისსამართლებრივი დევნის გზა უნდა მიატოვოს და მედიის თავისუფლებას პატივი სცეს“.
მზია ამაღლობელს ახლახან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე, ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა. მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად მოქმედებს: საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქტივებს ართმევს. პროტესტი დანაშაული არ არის! ჟურნალისტიკა საფრთხეს არ წარმოადგენს! საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა მიატოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას“, - წერს ლაგოდინსკი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საერთაშორისო გამოხაურებები ამავე თემაზე:
- Amnesty International-ი: სასამართლო პროცესი იყო სავსე დარღვევებითა და მიკერძოებით
- ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა - რასა იუკნევიჩიანე
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა- ლაგოდინსკი
- 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა: ვგმობთ ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს
- ლიეტუვა - ჟურნალისტობა დანაშაული არ არის, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას