Amnesty International-ი: სასამართლო პროცესი იყო სავსე დარღვევებითა და მიკერძოებით
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი იყო "სავსე დარღვევებითა და მიკერძოებით".
მისი თქმით, მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანი სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს და სინდისის პატიმრის მიერ "განცდილი ძალადობა ასევე დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული".
მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან არაერთი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა: მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხეს, დააზიანეს და შემდეგ სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ეს პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე აღიარეს, და ამის მიუხედავად, დაუსჯელობამ გაიმარჯვა.
პროცესი სავსე იყო პროცედურული დარღვევებითა და მიკერძოებით, ხოლო სასამართლომ უარი თქვა დაცვის მხარის არგუმენტების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებაზე და პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ბრალდებების გამოძიებაზე. მზია ამაღლობელმა უნდა მიიღოს სამართლიანი სასამართლო პროცესი და მის მიერ განცდილი ძალადობა ასევე დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად გამოსწორებული," - განაცხადა დენის კრივოშეევმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საერთაშორისო გამოხაურებები ამავე თემაზე:
- Amnesty International-ი: სასამართლო პროცესი იყო სავსე დარღვევებითა და მიკერძოებით
- ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას იმაზე უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა რუსეთში გააკეთა - რასა იუკნევიჩიანე
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა- ლაგოდინსკი
- 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა: ვგმობთ ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს
- ლიეტუვა - ჟურნალისტობა დანაშაული არ არის, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას