"ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნება შიშით და რეპრესიებით სურს - ნიკა ფარულავა გდდ-ს წვრთნებზე
"ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნება შიშით და რეპრესიებით უნდა, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა შაბათის ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც გდდ-ს მასშტაბური წვრთნების შესახებ იყო საუბარი.
მისი თქმით, ასეთი სწავლებები აჩვენებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგული აქვს.
ამ მასშტაბის წვრთნები გდდ-ის არის გამოძახილი იმის, რომ პირველი, რომ რეჟიმი არის არალეგიტიმური და მეორე, ამ ერთგვარი ლეგიტიმაციის და ძალაუფლების შენარჩუნება სურთ მხოლოდ შიშით და რეპრესიებით. ეს დარჩათ ერთადერთი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მათ უარი უთხრა.
საბოლოო ჯამში, ისიც ვნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამის არ ეშინიათ. რაღაცნარად ვადაპტირდით ამ ვითარებასთან და ვისწავლეთ მასთან გამკლავება, - ამბობს ნიკა ფარულავა.
თბილისთან ახლოს სპეცრაზმი აქციების დაშლას ავარჯიშებს.
„ტვ პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს კადრები, სადაც ნიღბიანები 4 ოქტომბრის არჩევნებამდე სამკვირით ადრე მასობრივ წვრთნებს გადიან. სწავლებისას გამოიყენეს გაზაფხულზე შეძენილი ახალი ტექნიკაც.
წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებული იყო რუსთაველის გამზირის სცენარებთან: დაკავების მანქანები, სპეცტექნიკა და დემონსტრანტებთან შეტაკების იმიტაცია. ვარჯიშებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ დედაქალაქში დისლოცირებული ძალები, არამედ რეგიონებიდან გადმოყვანილი დანაყოფებიც.