ხაბეიშვილი ადვოკატმა მოინახულა - რა გზავნილები აქვს დაკავებულ პოლიტიკოსს

15.09.25 13:29
ხაბეიშვილი ადვოკატმა მოინახულა - რა გზავნილები აქვს დაკავებულ პოლიტიკოსს

ლევან ხაბეიშვილი მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა, - ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატი საუბრობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერი ყველას ბრძოლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილზე აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

ძალიან მხნედ არის, ძალიან საბრძოლო განწყობაზეა და ყველას მოუწოდებს, რომ იბრძოლონ და ბოლომდე მიყვნენ, რადგან მისი დაკავება ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეშინია, სუსს ეშინია და ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავსაჩივრებთ, მაგრამ იმის რწმენა კი არ გვაქვს, რომ ქართული სასამართლო აქ რამე სამართალს მიიღებს, არამედ გვინდა, რომ ევროსასამართლოში წავიღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან ისტორიისთვის აუცილებელია ნამდვილი სიმართლე დოკუმენტალურადაც იყოს აღნიშნული. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პოლიტიკოსი დაეკავებინოთ სიტყვის გამო. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადების გამო. საჯარო განცხადებებია მხოლოდ, სხვა არავითარი მტკიცებულება არ არის. პროკურატურამ დღეს პოლიტიკურად ლევან ხაბეიშვილი დააკავა მხოლოდ სიტყვის გამო. სიტყვა არის ძალა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უნდათ, რომ შეუზღუდონ.

ინტერესების დამცველის თქმით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, შეუზღუდავენ თუ არა ლევან ხაბეიშვილს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებას. 

სამართლებრივად ახლა ჩვენთვის ცნობილი არ არის ბრალდების მხარემ შეუზღუდა თუ არა კომუნიკაცია. ველოდებით, დღეს ან ხვალ გვეცოდინება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ბრალდების მხარე კომუნიკაციას არ შეუზღუდავს ბატონ ლევანს, რადგან ესეც ერთ-ერთი უკანონობა იქნება, იმიტომ, რომ არ არის საჭირო, რომ აღნიშნული შეზღუდვები იყოს დაწესებული სამართლებრივად. აქედან გამომდინარე, ვდელობით ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ლაშა ტყეშელაძე იმ სპეცრაზმელებსაც მიმართავს, რომლებმაც ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩენება მისცეს. ადვოკატი ამბობს, რომ მათ ჩვენებები სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია. 

სასაცილოა. რა უნდა ვისაუბროთ სპეცრაზმელებზე. არავითარი სამართლებრივი არგუმენტაცია მათ არ აქვთ. თითქოს რაღაც შეურაცხყოფად აღიქვეს, ეს შეურაცხყოფად, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და მე კიდევ ერთხელ განვმეორდები, აი, მაგ სპეცრაზმელებმა ის შეურაცხყოფა არ აღიქვეს, ახალგაზრდა ადამიანებს რომ სცემდნენ?სტუდენტებს რომ სცემდნენ? ლევან ხაბეიშვილს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიკვდილამდე მიიყვანეს, ისე რომ სცემეს და ღმერთმა რომ გადაარჩინა? ეს თქვენთვის არ იყო შეურაცხყოფა?, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე  ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.   

  • ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.