ივანიშვილი ამ ბრძოლაში გატყდა, ის 4 ოქტომბრის სახალხო, მშვიდობიან რევოლუციას მარცხამდე გაექცა - ხაბეიშვილი
ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი, ის 4 ოქტომბრის სახალხო, მშვიდობიან რევოლუციას მარცხამდე გაექცა - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი ციხიდან "ტვ პირველისთვის" გამოგზავნილ წერილში წერს.
დაკავებული ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წერილში წერს, რომ "ივანიშვილი ბრძოლაში გატყდა" და მისი დილეგში გამოკეტვა სწორედ "ოცნების" დამფუძნებლის შიშების დადასტურებაა.
ხაბეიშვილის თქმით, ახლა საჭიროა გამარჯვების რწმენა.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერი წერილში წერს, "4 ოქტომბერი არის საქართველოს დიდგორი" და "საქართველოს დროშების რევოლუცია ახლოვდება".
ასე მხნედ არასოდეს ვყოფილვარ, ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი. ყოველთვის სათამაშო მაგიდას თავად შლიდა და შემდეგ თავად მის მაგიდაზე გვეძახდა. ასე იყო სულ. ოთხშიც გაშალა მაგიდა - "არჩევნები" და დაგვპატიჟა, სამაგიეროდ აქეთ პაატა ბურჭულაძემ და ხალხმა გაშალა მეორე ფრონტი და დაუძახა ბიძინას. ივანიშვილი დატყდა ამ ბრძოლიდან. მას არ სურს ხალხის თამაშის წესების მიღება, ის მხოლოდ მის წესებს აღიარებს და 4 ოქტომბერს სახალხო მშვიდობიანი რევოლუცია მისთვის გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც მარცხამდე გაექცა. მხოლოდ რწმენა და სიმტკციე გვჭირდება გამარჯვებისთვის. ჩემი სახით, საკუთარი შიში, მარცხი და კაპიტულაცია "დააკავა". ეშინია მას ლანდისაც და ამიტომ ჩამაგდო დილეგში. ვერ გაუგია ბორიას , რომ საქართველოს დროშების რევოლუცია ახლოვდება, 4 ოქტომბერი არის ჩვენი დიდგორი", - წერს ხაბეიშვილი წერილში.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
- ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.