რა "რჩევა" შეეძლო, მიეღო გეკა გელაძეს სანქცირებული ბელორუსი მაღალჩინოსნისგან (შეფასება)

19.09.25 13:32
რა "რჩევა" შეეძლო, მიეღო გეკა გელაძეს სანქცირებული ბელორუსი მაღალჩინოსნისგან (შეფასება)

რა "რჩევა" შეეძლო, მიეღო გეკა გელაძეს სანქცირებული ბელორუსი მაღალჩინოსნისგან - ექსპერტების შეფასებით, გელა გელაძის ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად სარისკოა, არამედ შესაძლოა მისი სანქცირების საფუძველიც გახდეს. გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელისგან სხვა „გაკვეთილი“ წარმოუდგენელია, თუ არა პოლიტიკური თავისუფლებების ჩახშობა და რეპრესიების მოდელირება, რასაც ბელარუსული რეჟიმი ემსახურება.

აი, ბელარუსმა, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რა გამოცდილება შეიძლება, გაუზიაროს საქართველოს შს მინისტრს, თუ არა როგორ დაამარცხოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლებები, როგორ წარმართონ პოლიტიკური რეპრესიები და როგორ გაამყარონ ავტორიტარიზმი. ეს არის ბელარუსული მოდელი. და თუნდაც არაფორმალური შეხვედრა, ჯერ ერთი, არ ჰგავს ეს შეხვედრა არაფორმალურს, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ვთქვით, არის საგანგაშო. მე მგონია, რომ გეკა გელაძეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ შეუერთდეს მის ბელორუს კოლეგას, შეუერთდეს სანქცირებულთა რიცხვში, - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი. 

ამავე საფრთხეებზე საუბრობს ქსპერტი ანდრო გოცირიძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სამართალდამცავი უწყებები საქეების ფაბრიკაციით და პოლიტიკური დევნის პრაქტიკით გამოირჩევიან. მისი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ საქართველო ურთიერთობას ინარჩუნებს მხოლოდ სანქცირებულ მხარესთან.

ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში საპოლიციო დანაყოფები გამოირჩევიან საქმეების ფაბრიკაციით, განსაკუთრებით ისეთ რეჟიმებში, როგორიც გახლავთ ბელარუსი, რუსეთი, სხვადასხვა ქვეყნები, ამიტომ ახალი და გასაკვირი არაფერია. ბუნებრივია, რომ გულდასაწყვეტია, იმიტომ, რომ სამყარო იყოფა პოლიტიკური გუნდები, ქვეყნები, იყოფა და სამწუხაროდ, ჩვენ ურთიერთობას ვინარჩუნებთ მხოლოდ ამ სანქცირებულ მხარესთან, - ამბობს  ანდრო გოცირიძე. 

ქართული ოცნების შს მინისტრი გელა გელაძე სკანდალშია - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის დროს ის შეხვდა აშშ-ს და ევროკავშირის მიერ კომიტეტის სანქცირებულ ხელმძღვანელს, დმიტრი ჰარას. შეხვედრაზე, რომელიც ოფიციალურად „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საქართველოს შსს ამ ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.