ერთდღიანი ქარიშხალი - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" არაღიარების აქტში შეტანილი ახალი ჩანაწერები არაფერს ნიშნავს

19.09.25 13:49
ერთდღიანი ქარიშხალი - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" არაღიარების აქტში შეტანილი ახალი ჩანაწერები არაფერს ნიშნავს

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" არაღიარების აქტში შეტანილი ახალი ჩანაწერები არაფერს ნიშნავს და ეს "ერთდღიანი ქარიშხალია". მისი მტკიცებით, ამ ფაქტის მიზანი საინფორმაციული ხმაირის შექმნაა.

"ოცნების" ლიდერი ირწუნება, რომ პროცესები თავიდან ბოლომდე მართულია და ჯო უილსონი კონკრეტული პირების დაკვეთებს ასრულებს. 

ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას. როგორიც საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ, თუ არ ვცდები, 2 წელი მაინცაა, რაც ე.წ. მეგობარი აქტი - მტრული აქტი ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში. ბოლოს, ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, რაღაც ახალი იდეა მოუვიდათ, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ, ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაურის შექმნა. თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ, ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს.

ეს ხმაურიც გადაივლის და მერე რას აპირებენ?! იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას, - ამბობს პაპუაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეტანილია შესწორების წინადადება „ქართული ოცნების მთავრობის არაღიარების“ შესახებ. წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა და ის აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ავალდებულებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

კანონპროექტი 11 სექტემბერს დარეგისტრირდა. შესწორება მიმართავს 313-ე მუხლს, რომელიც აქამდეც ითვალისწინებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის ფუნქციონირების ჩარჩოსა და ბიუჯეტს.