"ქართული ოცნების" აღიარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - ექსპერტები
"ქართული ოცნების" აღიარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, - ასე აფასებენ ექსპერტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეტანილ ცვლილებებს. მათი თქმით, ეს ჯერ მხოლოდ წინადადებაა და საკანონმდებლო პროცედურები კიდევ უნდა გაიაროს, მაგრამ ის გარემოება, რომ საკითხი უკვე ფუნდამენტურ კანონშია შეტანილი, მიანიშნებს, რომ კონგრესი აშკარად ზრდის წნეხს ადმინისტრაციაზე.
გიორგი მელაშვილი ხაზს უსვამს, რომ საკითხის შეტანა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში უკვე სერიოზული სიგნალია კონგრესის მხრიდან და აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა დასავლეთში პრობლემატურ კონტექსტში განიხილება.
"ქართული ოცნების" აღიარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შესწორება უკვე არის მიღებული. ჯერ უნდა დაამტკიცოს ქვედა პალატამ, შემდეგ ზედა პალატამ, თუმცა ის, რომ ავტორიზაციის აქტი ანუ ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლითაც იმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, მასთან დაკავშირებით ჟღერდება ასეთი ტიპის გაფრთხილება, ეს გვაჩვენებს იმას, რომ კონგრესის მხრიდან წნეხი აშშ-ს ადმინისტრაციაზე გრძელდება. ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა "მეგობარ აქტს", ასევე არსებობს და ეს არის კონკრეტული სიგნალი ადმინისტრაციისადმი, რომ "ქართულ ოცნებასთან" ნორმალური საქმის წარმოება გახდება შეუძლებელი, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
სიტუაციას კრიტიკულად აფასებს კიდევ ერთი ექსპერტი. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე არასოდეს ყოფილა, ხოლო ელჩის უქმედ ყოფნა ვაშინგტონში კიდევ უფრო ამძაფრებს კრიზისს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.
განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ასეთი ტიპის ჩასწორება გაკეთდა ისეთ აქტში, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კანონი არ არის და უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები, როელიც ეხება უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტს და ეს არ არის რაღაც კონკრეტულ პოლიტიკაზე ორიენტირებული ან რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე, ამიტომაც ვიტყოდი, რომ არის მნიშვნელოვანი. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთ დაბალ ნიშნულზე ეს ურთიერთობები არასდროს ყოფილა და სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის ჩართულობა და შეხვედრები აქვს დღეს საქართველოს ელჩს აშშ-ში. ჯერჯერობით, რაც ის დაინიშნა, იმ პერიოდიდან მოყოლებული, არცერთი შეხვედრა არ გამართულა, მათ შორის, კონგრესის წარმომადგენლებთანაც კი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში დღესდღეისობით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, - ამბობს ექსპერტი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეტანილია შესწორების წინადადება „ქართული ოცნების მთავრობის არაღიარების“ შესახებ. წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა და ის აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ავალდებულებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
კანონპროექტი 11 სექტემბერს დარეგისტრირდა. შესწორება მიმართავს 313-ე მუხლს, რომელიც აქამდეც ითვალისწინებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის ფუნქციონირების ჩარჩოსა და ბიუჯეტს.