ესტონეთი ასტრალშია გასული, ყველას, ვინც მის საგარეო საქმეთა მინისტრს შესახედად არ მოსწონს, არასაურველ პირად აცხადებს - პაპუაშვილი
"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" არავის არაფერს სთხოვს. საქმე ეხება TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ოცნებასთან" დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენები ცდილობენ საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირება ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს.
შალვა პაპუაშვილი ესტონეთზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანა "ასტრალშია" გასული.
არავინ არაფერს ითხოვს. მემგონი, ჩვენი ხელისუფლების ქმედებებში და გადაწყვეტილებებში ჩანს, რომ ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ. ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც საჭიროა ჩვენი ხალხისთვის და ვისაც სრს, რომ ჰქონდეს ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა, ყველაფრისთვის მზად ვართ. არავის არაფერს ვთხოვთ. ხედავთ თქვენ, ესტონეთი გასულია ასტრალში და არასასურველ პირად აცხადებს ყველას, ვინც მის საგარეო საქმეთა მინისტრს შესახედად არ მოსწონს თუ ხასიათში არ მოსწონს. რა უნდა ვუყოთ ამას? ჩვენ სხვის არამეგობრლ ქცევაში და სხვის შეცდომებს ჩვენ ვერაფერს ვუზამთ. მთავარია, ჩვენ არ დავუშვათ შეცდომა, - ამბობს პაპუაშვილი.
მედიის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირება ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ცნობით, პროცესში ჩართულები არიან ივანიშვილთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ მოკავშირეების მოსაძებნად. ორგანიზაციის განცხადებით, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დროთა განმავლობაში აუცილებლად გასაჯაროვდება.