შავი ბიზნესის საქმეზე დაკავებული ქართლოს ჯალაბაძე: რატომ ვარ აქ, რატომ ვზივარ?

19.09.25 15:17
შავი ბიზნესის საქმეზე დაკავებული ქართლოს ჯალაბაძე:  რატომ ვარ აქ, რატომ ვზივარ?

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული ქართლოს ჯალაბაძე ამბობს, რომ გამოძიება მას  2022 წელს შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას ედავაბა, როცა ბიზნესმენის მტკიცებით, ამერიკიდან საქართველოში კი 2023 წელს ჩამოვიდა. 

ბრალდებული დღეს სასამართლოს უმტკიცებდა, 6 დაკავებულიდან მხოლოდ ორს იცნობს, თუმცა, მათთანაც არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

გიორგი ქავთარაძეს და ბორის გოგიჩაიშვილს ვიცნობ, მათი არც ნომერი მაქვს, მხოლოდ ჩვენი ქალაქიდან - გორიდან ვიცნობ. რატომ ვარ აქ, რატომ ვზივარ? წარმოუდგენელია ჩემი აქ ყოფნა, არც „ნარეკი“ მაქვს ვინმესთან, არც შეტყობინება გამიგზავნია. ამ ორ ადამიანთან ზარიც კი არ განმიხორციელებია, ან ნალაპარაკები ხომ უნდა მქონდეს? დანარჩენებს არც კი ვიცნობ. აქამდე რატომ არ ამოიღეს და არ ნახეს, მქონდა თუ არა კავშირი?

2023 წელს ჩამოვედი ამერიკიდან. გიორგი კანდელაკი შარშან, ერთი წლის წინ ვნახე, 22 წლის ძმისშვილი დამეღუპა და მის წლისთავზე. ბატონი ბორისი კი სამძიმარზე ვნახე, იმის შემდეგ თვალითაც არ მინახავს, ორი თვის წინ გავიგე, ასეთი დაავადება აქვს და თურქეთშიაო, იქნებ გამომძიებელმა ჩახედოს საქმეს“, - განაცხადა ჯალაბაძემ.

ასევე ნახეთ:  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში არალეგალური ალკოჰოლის ქარხანასთან და უაქციზო სიგარეტის საწყობთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 75 137 ბოთლი ალკოჰოლი და 318 000 კოლოფი სიგარეტი. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული სასმელები ტრაილერებით რუსეთშიც გაჰქონდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 200-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.