კანდელაკის ადვოკატი - გოგიჩაიშვილის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინებები თუ სურათები არ ნიშნავს, რომ იგი კანდელაკს რამეს უთანხმებდა
"ბორის გოგიჩაიშვილის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინებები თუ სურათები არ ნიშნავს, რომ იგი გიორგი კანდელაკს რაიმეს უთანხმებდა",- ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის, ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, "საგამოძიებო ორგანოში მიიყვანეს ავადმყოფი ადამიანი, მას საკმაოდ მძიმე დაავადებები აწუხებს, მისი ჩვენება კი გიორგი კანდელაკის დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა".
უფლებადამცველის თქმით, პროკურატურას არ აქვს პასუხი, შემხებლობაშია თუ არა გიორგი კანდელაკი აღნიშნულთან საქმესთან:
საგამოძიებო ორგანოში მიიყვანეს ავადმყოფი ადამიანი, მას საკმაოდ მძიმე დაავადებები აწუხებს, მისი ჩვენება კი გიორგი კანდელაკის დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა, ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებაზე მაქვს საუბარი.
ბორის გოგიჩაიშვილის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინებები თუ სურათები არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეს უთანხმებდა, ამას კი ჩვენ სამართლებრივად ავხსნით. არანაირი სახის შემხებლობა ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმასთან თუ რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონია. დღეის მდგომარეობით, სასმლის რეალიზაცია კომპანიას არ უდასტურდება. ამოღებულია ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ ჩვენს კითხვას - შემხებლობაშია თუ არა გიორგი კანდელაკი აღნიშნულთან, პასუხი არის - არა“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.