ივანიშვილი საკუთარი ლეკვების ჭამას იწყებს - ოპოზიცია ქარსელაძის შესაძლო დაკავებაზე

21.09.25 17:31
ივანიშვილი საკუთარი ლეკვების ჭამას იწყებს - ოპოზიცია ქარსელაძის შესაძლო დაკავებაზე

შაბათის ეთერში გასული ხმაურინია რეპორტაჟის შემდეგ ოპოზიცია ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის დაკავებას არ გამორიცხავს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში კორუფცია სისტემურია და პროცესები შიდა „წმენდის“ სახეს იღებს. მისი თქმით, "ოცნებაში", პრაქტიკულად, ყველა მაღალი თანამდებობის პირი კორუფციულ სქემებშია ჩართული, ხოლო ქარსელაძის დაკავება შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდეს.

ჩნდება მოლოდინი, რომ 10 ჩინოვნიკიდან, 10-ვე არის კორუფციაში ჩართული, შესაბამისად, არ გამოირიცხება არც ქარსელაძის დაკავებით, არც სხვების დაპატიმრება და დაკავება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ისინი ახლა ცდილობენ გუნდში ჩაატარონ წმენდა იმ ადამიანების, რომლებმაც არ გაყვეს საკმარისად ნაძარცვი ბიუჯეტი, რომლებიც მოპარეს და წაართვეს საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ ივანიშვილს ეს, პირიქით, შეუქმნის მეტ პრობლემებს. ის იძულებულია, ასეთი წმენდა ჩაატაროს, მას ეშინია უკვე საკუთარი გუნდის წევრების და მონსტრი იწყებს საკუთარი შვების, ლეკვების ჭამას, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

განსხვავებულ აქცენტს აკეთებს გიორგი კირთაძე, რომლის თქმითაც, საბოლოოდ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – ვის დაჭერაზე მოაწერს ხელს კობახიძე-მდინარაძის წყვილი და ვისზე არა.  

ურბალოდ, აქ მნიშვნელოვანი ამბავია, რას იტყვის საბოლოო ჯამში ივანიშვილი, ვიდ დაჭერაზე დათანხმდება კობახიძე-მდინარაძეს და ვისზე არა. როგორც დასჭირდება მისი ძალაუფლების შენარჩუნებას, ასე მოიქცევა აუცილებლად ივანიშვილი და იმ ხალხს ჩასვამს ციხეში, ვინც მისთვის იქნება კომფორტული და რაღაც საფრთხეს არ შეუქმნის მის ძალაუფლებას. საბოლოო ჯამში, აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ წლების განმავლობაში რასაც აკეთებდა თქვენი ჯგუფი, ნოდარ მელაძე, გამომძიებელი ჟურნალისტები, იმას, რაზეც ვასაუბრობდით ოპოზიციაში, სამოქალაქო სექტორში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არის მართალი, - ამბობს გიორგი კირთაძე. 

კრიტიკულად აფასებს პროცესს გახარიას გუნდის წევრი გიორგი შერვაშიძე. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის ნაბიჯები არავითარ სანდოობას არ იწვევს და ეს უფრო პროპაგანდის ნაწილია.

"ოცნების" მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ "ოცნებას" აქვს რაიმე რესურსი რეალურად ებრძოლოს პოლიტიკას. როგორც ჩანს, კვლავ ვერ იყოფენ ფულს ერთმანეთში, კვლავ ნაკლები მიაქვთ, ვიდრე ითხოვეს და რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც თბილისის მერად კალაძე ჰყავთ წარდგენილი, ბუნებრივია, არცერთი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ "ოცნება" რეალურად ებრძვის კორუფციას, - ამბობს გიორგი შერვაშიძე.  

 

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტი სწავლობს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის საქმიანობის პერიოდს. უწყებაში გადასაგზავნად მოხვდა შიდა აუდიტის დასკვნა, სადაც სავარაუდო კორუფციული ნიშნებია დაფიქსირებული.

ქარსელაძე ამტკიცებს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა „შაბათის ეთერის“ ცნობით, ტენდერებთან დაკავშირებული მასალები სუს-ში მისი გადაყენებიდან მალევე გაიგზავნა და საქმე დიდ თანხებს ეხება.

ყოფილი მინისტრი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის უახლოეს გარემოცვად მიიჩნევა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამშენებლო ბიზნესში წავიდა და დააფუძნა კომპანია „კავკასუს პრაიმ ბილდერსი“, სადაც პარტნიორი ცნობილი ბიზნესმენი დევი დუმბაძეა.

მის ახალ კომპანიაში დასაქმებული არიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები — მოადგილე კობა გაბუნია, გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი და მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი.

 

მსგავსი სიახლეები