ზოდელავა: ქართველი პოლიციელი და ძალოვანი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ვერცერთი ოლიგარქი ვერ გახლიჩავს ერს
„ქართველი პოლიციელი და ძალოვანი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ვერასდროს გახლიჩავს ვერავინ, ვერცერთი ოლიგარქი და ვერც გარე ძალა,“ – აცხადებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი მურთაზ ზოდელავა. მისი თქმით, ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას და ამ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება ვერცერთი ცალკეული ჯგუფი - საჭიროა მთელი ერის შერიგება და გაერთიანება.
ქართველი პოლიციელი, ქართველი ძალოვანი არის საქართველოს, ქართველი ერის სხეულის განუოფელი ნაწილი. ვერავინ, ვერცერთი ოლიგარქი, ვერცერთი გარე ძალა, ვერასდროს გახლიჩავს საქართველოს. სულით და გულით, ჩემი სხეულის ყველა ნაწილით ვგძნობ იმას, რომ ქართველი ერი გამზადებულია იმისთვის, რომ შერიგდეს, გაერთიანდეს. არ არსებობს არცერთი დეპარტამენტის თუ განსაკუთრებულის თუ ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომელიც ვერ ხვდება დღეს იმას, რომ ქართველ ერს სჭირდება გაერთიანება, რომ ჩვენ ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე და ამ ეგზისტენციაურ საფრთხეებს ვერ გაუმკლავდებს ცალკე აღებული ვერცერთი ჯგუფი. ეს არის ისეთი გამოწვევები, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს მთლიანად ქართველი ერი, - ამბობს მურთაზ ზოდელავა.
გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან.
ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.
მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.
მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.