შევარდნაძის კორუმპირებული მინისტრის დანიშვნა ელჩად განაცხადია, რომ საგარეო სამსახური გადაქცეულია საპენსიო ერთეულად - გეგელია
შევარდნაძის კორუმპირებული მინისტრის დანიშვნა ელჩად არის განაცხადი, რომ საგარეო სამსახური გადაქცეულია საპენსიო ერთეულად - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას.
მისი თქმით, ალექსანდრე კარტოზიას სახელს შევარდნაძის პერიოდიში არაერთი კორუფციული საქმე უკავშირდება, "ოცნება" კი სწორედ ასეთი პირებისთვის იმეტებს პოლიტიკურ თანამდებობებს.
ვინ გვყავს ჩვენ ახლა ბერლინში, პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, ჩვენ გვყავს შევარდნაძის კორუმპირებული მინისტრი, რომელიც საქვეყნოდ არის ცნობილი, როგორც მაშინდელი კორუფციის ჭაობის ერთ-ერთი მასულდგმულებელი ძალა. ეს არის განაცხადი, რომ საგარეო სამსახური არის გადაქცეული რაღაცა საპენსიო ერთეულად, ანტიგაგებით, რომელიც რეალურად გზავნის პარტიულ პოლიტიკურ კადრებს და ძველი დროის კორუმპირებულ წრეებს იმ ადგილებზე, სადაც უნდა მიდიოდნენ ძალიან გამოცდილი, ეროვნულად მოაზროვნე დიპლომატები", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა ედუად შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დანიშნა. NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად კი ირაკლი ბერაია დაინიშნა.