შალვა პაპუაშვილი არგუმენტირებულად ვერ პასუხობს კითხვას, ეწინააღმდეგება თუ არა ხაბეიშვილის დაკავება ორგანულ კანონს

24.09.25 13:43
შალვა პაპუაშვილი არგუმენტირებულად ვერ პასუხობს კითხვას, ეწინააღმდეგება თუ არა ხაბეიშვილის დაკავება ორგანულ კანონს

 

 

შალვა პაპუაშვილი არგუმენტირებულად ვერ პასუხობს კითხვას, ეწინააღმდეგება თუ არა ლევან ხაბეიშვილის დაკავება "მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანულ კანონს. 

სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ქრთამის შეპირება არის დანაშაული და შეგახსენებთ, რომ ის მოუწოდებდა ფულის სანაცვლოდ კანონის დარღვევისკენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, - ამბობს პაპუაშვილი.

"პირველებმა" შეახსენა "ოცნების" ლიდერს, რომ ორგანული კანონის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება ბიუჯეტის სახსრების განაწილებას ან სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

პასუხად პაპუაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჩანაწერი "კარგია" და "აბსოლუტურად ეთანხმება". 

კარგი ჩანაწერია, ვეთანხმები აბსოლუტურად. იმიტომ, რომ ეს არ იყო საპროგრამო ნაწილი, ეს იყო ქრთამის დაპირება კანონის დარღვევის სანაცვლოდ, პირდაპირ გაცხადებული, - ამბობს პაპუაშვილი. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაშია. მისი განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონი პირდაპირ ასახავს, რომ დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ვრცელდება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებზე, რომლებიც უკავშირდება ბიუჯეტის სახსრების განაწილებას ან სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

ადვოკატის თქმით, სწორედ ამ ნორმიდან გამომდინარე, ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკური ხასიათისაა. ტყეშელაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კანონის მოთხოვნები უგულებელყო და ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ ბრალდება სწორედ პოლიტიკური დავალების საფუძველზე წარადგინა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება. 

მსგავსი სიახლეები