დავით ჩომახიძე: ხაბეიშვილის დაკავებით დარღვეულია როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები

24.09.25 13:46
დავით ჩომახიძე: ხაბეიშვილის დაკავებით დარღვეულია როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები

„ლევან ხაბეიშვილის დაკავებით და პატიმრობით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები,“ — აცხადებს უფლებადამცველი დავით ჩომახიძე. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი.

ჩომახიძის განცხადებით, "ოცნებამ" არა მხოლოდ უკანონოდ დააკავა და პატიმრობაში დატოვა ოპოზიციის ლიდერი, არამედ დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესა: ოჯახთან და შვილთან კომუნიკაციის აკრძალვა, წერილების გაგზავნისა და მიღების შეზღუდვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაირღვა არა მარტო შიდა კანონმდებლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე პატიმრობის უკანონო აღკვეთით, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით და უამრავი ნორმა, რაზეც ლაშამ ისაუბრა, ამასთან ერთად დარღვეულია საერთაშორისო კონვენციები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლება დაცვის შესახებ. წარმოიდგინეთ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა საქართველო, ადამიანის უფლებებზე სადაც არის საუბარი, თითოეული მკაცრად განსაზღვრავს მოპყრობას ადამიანისას, მის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, ყველაფერი ეს დაარღვიეს, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ უკვე უკანონო პატიმრობით და ამ პატიმრობის მიზეზი ერთ-ერთი იყო რა? რომ თითქოს ლევანმა იმ სამ მოძიებულ მოწმეზე, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები არიან , მოახდენდა გავლენას. ამის შემდეგ ეს არ იკმარეს და ოჯახის წევრებს აუკრძალეს ლევანთან კომუნიკაცია, აუკრძალეს ციხიდან წერილების წერა, აუკრძალეს მიღება წერილების და რომელ წერილებზეა საუბარი? შვილმა უნდა მოიკითხოს მამა, მამამ მოიკითხოს საკუთარი შვილი, ტელეფონის გამოყენებაზე ზედმეტია საუბარი. ყველამ კარგად იცის, მათ შორის დამკავებლებმაც, რომ ლევანი უდანაშაულოა და უსამართლოდ არის დაკავებული, მათი მცდელობა ჩავარდა წყალში, რომ ლევანი მორალურად გაეტეხათ, მაგრამ ლევანი იმაზე მხნედ გამოიყურება, ვიდრე იყო და ეს მისი შემართებიდანაც ძალიან კარგად ჩანს, - განაცხადა დავით ჩომახიძემ.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაშია. მისი განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონი პირდაპირ ასახავს, რომ დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ვრცელდება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებზე, რომლებიც უკავშირდება ბიუჯეტის სახსრების განაწილებას ან სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

ადვოკატის თქმით, სწორედ ამ ნორმიდან გამომდინარე, ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკური ხასიათისაა. ტყეშელაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კანონის მოთხოვნები უგულებელყო და ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ ბრალდება სწორედ პოლიტიკური დავალების საფუძველზე წარადგინა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება. 

 

მსგავსი სიახლეები