"ეს არის ბინძური პროპაგანდა და პოლიტიკური ხრიკი" - დათუნაშვილი საგარეოში დიპლომატების დაბარებაზე
"ეს არის ბინძური პროპაგანდა და პოლიტიკური ხრიკი" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა და ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის დაბარებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, როდესაც "ოცნება" საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს "ვენის კონვენციის" დარღვევას აბრალებს, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროპაგანდა გათვლილია იმისთვის, რომ რუსულ ხელისუფლებას მოსკოვში და რუსულ სინდიკატს საქართველოში სალაპარაკო ჰქონდეს, რომ დასავლეთი საქართველოს მოქალაქეების მტერია.
როდესაც საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არარაობა წარმომადგენლები აბრალებენ "ვენის კონვენციის" დარღვევას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელსაც სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში, ეს არის ბინძური პროპაგანდა და პოლიტიკური ხრიკი, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ რუსულ ხელისუფლებას მოსკოვში და აქ რაღაცა რუსულ სინდიკატს საქართველოში ჰქონდეს სალაპარაკო პროპაგანდისტულად, რომ დასავლეთი არის საქართველოს მოქალაქეების მტერი," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პეტერ ფიშერი, გუშინ, დაიბარეს. უწყების განმარტებით, მათ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და "რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე" შეშფოთება გამოთქვეს.
მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადება გაავრცელა და კატეგორიულად დაგმო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკა ელჩის მიმართ.
იხილეთ ასევე: