კობახიძე ექიმის წინააღმდეგ: "შეიძლება, იყოს შეფასებული კრიმინალად"
ირაკლი კობახიძე ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილს სახელმწიფოს ინტერესების საზიანო ქმედებაში ადანაშაულებს - ამის შესახებ "ოცნების" ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ივანიშვილის პრემიერის მტკიცებით, ჩახუნაშვილმა კრიმინალი ჩაიდინა, როდესაც ბრიტანულ გამოცემას "ყალბი ინფორმაცია" მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნული თავისუფლად შეიძლება, იქნას შეფასებული დანაშაულად.
როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას, სახელმწიფოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება, იყოს შეფასებული კრიმინალად, თუმცა მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყების საქმე.
ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება, მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია, - ამბობს კობახიძე.
- ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.
- BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.