"მოწმემ დაასაბუთა, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტი ფინანსურად მომგებიანი იყო" - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

02.12.25 15:06
"მოწმემ დაასაბუთა, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტი ფინანსურად მომგებიანი იყო" - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

"მოწმემ დაასაბუთა, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტი ფინანსურად მომგებიანი იყო" - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა. 

  • უფლებადამცველმა სასამართლო პროცესზე თანაინვესტირების ფონდის თანამშრომლის, სოფო ხელაშვილის ჩვენებაზე ისაუბრა, რომლის თქმითაც, ბაჩიაშვილს მისთვის არასდროს უთხოვია "წამგებიანი პროექტი მომგებიანად წარმოეჩინა". 

ლევან მახარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოწმის ჩვენების მიხედვით, ბაჩიაშვილს არასდროს არ უცდია, რომ ზეგავლენა მოეხდინა კომიტეტის რომელიმე წევრზე და გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიეღო. 

დღეს დაიკითხა მოწმე, ფინანსური ექსპერტი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე, ანუ 11 წელია მუშაობს თანაინვესტირების ფონდში და მან რამდენჯერმე დაასაბუთა, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტი მიუხედავად იმისა, რომ ჭიანურდებოდა დროში, ფინანსურად მომგებიანი იყო ყველა ეტაპზე და დღესაც არის მომგებიანი, ეს ერთი. 

მეორე, დაადასტურა მოწმემ, რომ თავად აუქმებდა აღმასრულებელი საბჭოს ყველა შეხვედრას და ეს კომიტეტები როდესაც იმართებოდა, სხდომები ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით მიდიოდა დებატები, მსჯელობა და გიორგი ბაჩიაშვილს არასდროს არ უცდია, რომ ზეგავლენა მოეხდინა კომიტეტის რომელიმე წევრზე და მიეღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად. 

საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, რომელიც დარღვეულია დავუშვათ შესრულების ეტაპზე გიორგი ბაჩიაშვილის მიერ და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც მიიღებოდა, იყო კოლეგიალური," - ამბობს ლევან მახარაშვილი.

პროკურატურა ბაჩიაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ბრალდების ვერსიით, ბაჩიაშვილს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროექტი მაღალი რისკის შემცველი იყო, თუმცა ეს რისკები არ გაითვალისწინა, რის გამოც "მტკვარი ჰესს" 100 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა. სწორედ ამ ზიანის გამო ბაჩიაშვილი სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელით აღმოჩნდა.

[ფოტო: არქივი]

მსგავსი სიახლეები