"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" - შარმანაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

04.12.25 13:09
"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" - შარმანაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

 

 

"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა და BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გაემოეხმაურა. 

ივანიშვილის გუნდის წევრის განცხადებით, თავად არ გაურევია ქიმიური ნივთიერება წყლის ჭავლში, თუმცა "ვინც გაურია ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს", შემდეგ კი BBC-ის ტყუილში სდებს ბრალს. 

შარმანაშვილი პირობას დებს, რომ თუ ქიმიური ნივთიერების გამოყენება დადასტურდება, თავად დააძალებს "ქართულ ოცნებას", რომ პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ დააპატიმრონ. 

მე არაფერი არ გამირევია, მაგრამ ვინც გაურია ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, გამოძიების მიღმა არ დარჩება. ასეთი დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ საერთაშორისო სასამართლოებში კი არ წავიდოდით საჩივრების დასაწერად. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ. მე თვითონაც დავაძალებ ჩემ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული დაასანქციროს კი არა დააპატიმროს დაუყოვნებლივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ტყუილი, რომელიც მათ გამოაცხვეს თავის ჭკუაში, დამთავრდება ძალიან ცუდად მათთვის," - განაცხადა შარმანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

მსგავსი სიახლეები