ლევან მახაშვილი: BBC-ი ჩამოლაბორანტდა ერთგვარ კანალად
"ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მახაშვილმა ქიმიური ნაერთის სკანდალთან დაკავშირებით "TV პირველის" კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ "BBC-ი ჩამოლაბორანტდა ერთგვარ კანალად".
მისი თქმით, ჟურნალისტური სტანდარტების თვალსაზრისით, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების რუსული ვერსია ინგლისურზე უფრო გამართული იყო.
მე რომ გითხრათ, რომ თქვენ რქები ამოგდით იმიტომ, რომ მე დავინახე რომ თქვენ თმა მოიფხანეთ და უნდა დადგეთ ახლა თქვენ და ამტკიცოთ, რომ არა, მე რქები არ ამომდის. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება. ჩათვალა ზოგიერთმა მსახიობმა, რომ შეეძლო კამერების წინ ემატრაკვეცა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და სამართლის წინაშე მოუწიათ სიმართლის თქმა, აღიარეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი.
სამწუხაროა ნამდვილად, რომ ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის ორგანიზაცია, BBC-ის ვგულისხმობ, სამწუხაროდ ჩამოლაბორანტდა ერთგვარ კანალად და დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოსკოვის ფილიალი დაშვების ალბათობით უფრო ნორმალური ფორმულირება ჰქონდა, ვიდრე ინგლისურ ვერსიას, რუსული ვერსია უფრო გამართული იყო ჟურნალისტური სტანდარტების თვალსაზრისით, ვიდრე ინგლისური ვერსია," - თქვა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.