დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად რა ნივთიერებები გაურიეს აქციების დარბევისას

04.12.25 15:26
დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად რა ნივთიერებები გაურიეს აქციების დარბევისას

 

 

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, იცის თუ არა კონკრეტულად რა ნივთიერებები გაურიეს 2024 წლის აქციების დარბევისას.

  • გეკა გელაძის მოადგილე, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი გამოიყენა. 

დარახველიძის მტკიცებით, "კამიტის" გამოყენება "მტკნარი სიცრუეა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს ის არც არასდროს ჰქონია. 

  • მანამდე, შს ყოფილმა მინისტმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ შსს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებულ ნაერთს ფლობდა, თუმცა ის წინა ხელისუფლებამ შეიძინა. 

თითქოსდა გამოყენებული იყო "კამიტი" - ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე. გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი და ბატონმა მინისტრმაც განმარტა, რომ ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში იყო შესაბამისი სტანდარტების. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება საინტერესო და რელევანტური, იქნება წარდგენილი გამოძიების წინაშე. 

შსს და პოლიცია იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც არის კანონით გათვალისწინებული და იმ სტანდარტების შესაბამისი...

რაც შეეხება კონკრეტულ ნივთიერებას, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება. ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და თითქოს ის ფაქტი, რომ რაც ჟურნალისტის ვარაუდებს ეყრდნობა და საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა იყო გამოყენებული "კამიტი" არის მტკნარი სიცრუე, არ ყოფილა გამოყენებული, არც ჰქონია არასდროს შსს-ს," - განაცხადა დარახველიძემ. 

რა აქვს ნათქვამი ალექსანდრე დარახველიძეს 2024 წლის 30 ნოემბერს?

შარშან მაღალჩინოსანმა არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც.“

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა შარშან დარახველიძემ და იქვე განმარტა, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა.

BBC-ის საგამოძიებო ფილმში საუბარია, რომ მათ კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია მოიპოვეს. ბრიტანული მაუწყებელი ორი საყურადღებო ნივთიერებაზე მიუთთებს:

  1. ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს [BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ].
  2. ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

მსგავსი სიახლეები