"ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ექიმების ვარაუდი ინტოქსიკაციაა" - ხოშტარია
"ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ხოლო ექიმების ერთ-ერთი ვარაუდი ინტოქსიკაციაა" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს და აღნიშნავს, რომ ვარაუდის მიუხედავად, მომწამლველი ნივთიერების სახელის ცოდნის გარეშე ექიმებმა ინტოქსიკაციაზე მკურნალობა ვერ შეძლეს.
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი გამოიყენა.
ელენე ხოშტარია წერილში წერს, რომ "რუსული კანონის" დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია მისი იმუნური სისტემის ჩამოშლის მიზეზი. გასული წლის დარბევების შემდეგ კი პოლიტიკოსის თქმით, კანის დამწვრობა, ღებინება და თვეების განმავლობაში ძალიან მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდა.
ე.წ. მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ამარჩიელებს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხზე - ჯანმრთელობაზე - არა თუ მთავრობა არაა, არამედ ადამიანებისთვის საშიში მოვლენაა. რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი, მერე ექიმებს დაუმალა მომწამვლელი ნივთიერება რომ ვერ ემკურნალათ და ახლაც თავის გადარჩენის სამარცხვინო და საკმაოდ უნიჭო მოძრაობებით არის დაკავებული.
რაც ამ დღეებში მოვისმინე და ვნახე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგებია. "რუსული კანონის" დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ჩემი იმუნური სისტემა ჩამოიშალა და თურქ ექიმებს საკმაოდ რთული პროცედურების ჩატარება დასჭირდათ, სასიცოცხლო მაჩვენებლების გამოსასწორებლად. ამ ჩამოქცევამ გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა 4 სხვადასხვა მწვავე დაავადებას, სხვადასხვა სახის ძლიერ ტკივილს, უკიდურეს სისუსტეს და გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემი უფუნქციოდ ყოფნა.
ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ხოლო ექიმების ერთ-ერთი ვარაუდი ინტოქსიკაციაა, რომლის მკურნალობა მომწამლველი ნივთიერების სახელის ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იყო. შარშანდელი დარბევების შემდეგ კი აღარაფერს ვამბობ კანის დამწვრობაზე, ღებინებაზე და თვეების განმავლობაში ძალიან მაღალ არტერიულ წნევაზე.
ჰოდა, ყველა ორგანიზაციას, ყველა საერთაშორისო გამოძიებას, ყველა კომპეტენტურ ადამიანს ჩვენებასაც მივცემ და ჩემი სამედიცინო კვლევების 1000-მდე გვერდსაც გავუზიარებ. ასე უნდა მოვიქცეთ ყველა. რეჟიმი მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებას ვერ გაამართლებს. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს!
6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქციაზე მე „ვერ მოვახერხებ“ მოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი!
ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.