დაწესდეს სრული ემბარგო საპოლიციო ტექნიკაზე, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება - Amnesty International-ი
"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინების ტალღით" - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განცხადებას ავრცელებს.
- Amnesty International-ი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი გამოიყენა.
Amnesty International ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინების ტალღით, BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების შედეგების შემდეგ, რომლებიც მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა მავნე და პოტენციურად აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ," - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია "ოცნებას" მოუწოდებს, "შეწყვიტოს მოწმეების შევიწროება, უზრუნველყოს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამედიცინო დახმარება და რეპარაციები".
ამასთან, Amnesty International-ი გამოდის მოწოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს "სრული ემბარგო" საპოლიციო ტექნიკაზე/ინვენტარზე და ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება "კამიტის" სავარაუდო გამოყენებაზე.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ აქ: amnesty.org
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.