ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ პროკურატურა მის ბრალს ვერ ასაბუთებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავს დამნაშავედ არ ცნობს - ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, სახელწიფო ბრალდება ვერ ასაბუთებს, რომ ჯარის ფული მან მოიპარა.
მისი თქმით, პროკურატურა ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს.
აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება-პატიმრობა ეს შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულებს. სწორედ იმას ასაბუთებს დაცვის მხარე, რომ ამ საქმეში არ არის მიზანშეწონილი გამოყენებულ იქნეს ყველაზე მკაცრი ზომა.
მეორე, რაც შეიცვალა, ჩემი აზრით, არის ის, რომ რაც მტკიცებულებების მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის არსებითი გარემოება, რაც შეიცვალა.
აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის.
არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა პირდაპირი მტკიცებულებები. ეს არის ის გარემოებები, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ”, - განაცხადა ბურჭულაძემ.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.