აღიარება და მონანიება არ იქნება, დანაშაული არ არსებობს! - სინდისის პატიმრების მშობლების პასუხი ყაველაშვილს

15.12.25 11:22
აღიარება და მონანიება არ იქნება, დანაშაული არ არსებობს! - სინდისის პატიმრების მშობლების პასუხი ყაველაშვილს

აღიარება და მონანიება არ იქნება, - ასე პასუხობენ ივანიშვილის პრეზიდენტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. მათი თქმით, დაკავებულები ვერ აღიარებენ იმას, რაც არ ჩაუდენიათ, მეტადრე იმ ფონზე, როცა მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ არ არსებობს.  

ვერ მიიღებს ვერც ყაველაშვილი და ვერც არალეგიტიმური მთავრობა პოლიტპატიმრებისგან აღიარებას. ეს ახალგაზრდები ნამდვილად რაღაც გარიგებებისთვის ჰყავთ, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, ვერანაირად დაამტკიცებდნენ ამ ხალხის დანაშაულს. 130-მდე პოლიტპატიმარი გვავს მტკიცებულების გარეშე. მაგათ მაინც და მაინც სჭირდებოდათ, რომ რაღაც გარიგებაზე წასულიყვნენ და ეს გარიგება არ გამოუვათ, იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენ არაფერი ისეთი, მტკიცებულება, რომ დამანახონ და ვთქვა, რომ ეს დავაშავეთ, - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე. 

დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პირდაპირ ამბობს, რომ გაუგებარია, რის მონანიებას სთხოვენ სინდისის პატიმრებს, მეტადრე, რომ ზუსტად ისიც კი არ იციან, რომელ მუხლს ედავებიან.

რა გეგმა აქვს, არ ვიცი. თუ ლუკაშენკოს ამბავს ადარებს, იქ ლუკაშენკომ ივაჭრა თავისი ტყვეებით და ადამიანებით, რომლებიც აწამა წლებით, ბელავიას სანქციების მოსახსნელად ივაჭრა ამით. ბიჭებმა მშვენივრად იციან, რაც არ ჩაუდენიათ, იმას ვერ აღიარებ და მითუმეტეს, ამდენი ხნის მერე არ აღიარებენ იმას, რაც არ ჩაუდენიათ, ყველამ მშვენივრად იცის. რა უნდა აღიარონ? ძალადობას ედავებიან და რომ ვერაფერი მოიპოვეს, დღემდე ტელეფონებს არ გვიბრუნებენ, იმიტომ, რომ ვერ გავტეხეთო და ვერ გავხსენითო და ვერ შევამოწმეთო, ეს ჯგუფური გადაუკვალიფიცირეს რაღაც მუხლად, რომელიც დღემდე არ ვიცით რა არის. რომელი მუხლი მოინანიონ კონკრეტულად, რითაც თავიდან ედავებოდით თუ რაც გადაუკვალიფიცირეს?, - ამბობს სანდრო ცხადაძე.

ზვიად ცეცხლაძის მამა პირდაპირ ამბობს, რომ არც შეწყალება და არც საპროცესო შეთანხმება სურთ, რადგან დანაშაული არ არსებობს.  

ჯერ კიდევ სასამართლოს განხილვების დროს, კონკრეტულად ზვიადს გამოფენილი ჰქონდა ბანერი, სადაც ასახული იყო სწორედ ეს პოზიცია, რომ არც შეწყალება და არც საპროცესო შეთანხმება. როცა პროკურატურამ ვერაფერი დაუმტკიცა ვერანაირი დანაშაული ვერცერთ სინდისის პატიმარს, რაზეა საუბარი, რა უნდა მოინანიონ? ამასთან ერთად, უდანაშაულო ადამიანები აბსოლუტურად ცამდე მართლები არიან, შესაბამისად, ისინი არავის წინაშე არც მოინანიებენ არაფერს და არც არავის ბოდიშს მოუხდიან, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ახალი კითხვები გააჩინა - შეიძლება თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მაგალითი ერთგვარ პრეცედენტად იქცეს და ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან შესაძლო გარიგების თემად პოლიტპატიმრების გათავისუფლება გამოიყენოს?

ოპოზიციისა და უფლებადამცველების შეფასებით, ქართულ ციხეებში მყოფი პოლიტიკური და სინდისის პატიმრები დასავლეთის რეაგირებას ელოდებიან და მათ შორის არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი შესაძლოა, მზად იყოს მათი თავისუფლებით ივაჭროს, თუ ეს მისთვის სანქციების თავიდან არიდებას, გავლენის შენარჩუნებასა და პირადი ინტერესების დაცვას ნიშნავს.

მიხეილ ყაველაშვილი გადაჭრით ვერ პასუხობს კითხვას, გამოიყენებს თუ არა დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს თუ არა სინდისის პატიმრებს. ამასთან, "ოცნების" პრეზიდენტი დაკავებული ახალგაზრდებისგან "შეცდომების" აღიარებას ითხოვს.  

 

მსგავსი სიახლეები