ვინ დაიკარგა თარგმანში? - "ოცნება" ალექსანდრე დარახველიძეს იცავს

18.12.25 15:54
ვინ დაიკარგა თარგმანში? - "ოცნება" ალექსანდრე დარახველიძეს იცავს

"ქართული ოცნება" გელა გელაძის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს იცავს - პარტიაში ამტკიცებენ, რომ ალექსანდრე დარახველიძემ სრულად მიაწოდა ინფორმაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს  საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებების შესახებ მაგრამ მან ეს ვერ გაიგო.

  • ცნობისთვის, მაიკლ ო’ფლაერტი გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში მისი ვიზიტის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული.

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მან არ იცის თარგმანში ვინ დაიკარგა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის დეკემბერში ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ "როცა საჭირო არის წყლის ჭავლში შესაბამისი ნივთიერებების გარევაც ხდება". 

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე "რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას კითხვები აქვს" შეუძლია მივიდნენ და აჩვენებენ ყველაფერს. 

არ ვიცი მან რა გაიგო, რა ვერ გაიგო, ვინ როგორ დაიკარგა თარგმანში მე არ ვიცი, შეუძლია მიმართოს შსს-ს და გაიგოს. შარშან დეკემბერშივე ხომ იყო განცხადებები, რომ კი, როცა საჭირო არის წყლის ჭავლში შესაბამისი ნივთიერებების გარევაც ხდება. ეს ხომ შარშან დეკემბრის განცხადებებია, ახლა ეს ადამიანი ამბობს, ამის შემდეგ იანვარშიო, ორი თვის თავზე შევხვდიო და მითხრეს, რომ არაფერი არაა შერეულიო. სამინისტროს როდესაც ასე საჯაროდ აქვს გაცხადებული, რა ინტერესი ან აზრი უნდა იყოს ჩადებული, რომ სხვა რამე უთხრას სხვას, ის ხომ საჯარო განცხადება იყო. 

აქვს რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას კითხვები? - მობრძანდით, გაჩვენებთ ფურცელ-ფურცელ, შედეგ-შედეგ.  

ქართულად ვეუბნებით, ინგლისურიც არ გვიჭირს, ელფურ ენაზე ვერ ვეტყვით," - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

"ხალხის ძალის" წევრი, ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, რომ მან არ იცის რა ინფორმაციაზეა საუბარი, თუმცა დარწმუნებულია, სანდრო დარახველიძე ტყუილ ინფორმაციას არ მიაწოდებდა. 

არ ვიცი ეს რა ინფორმაციაა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სანდრო დარახველიძე ტყუილ ინფორმაციას არ მიაწოდებდა და ეს ყველაფერი, მისი განცხადება არის სწორედ ერთი სცენარის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ, რომ დაამტკიცონ ისეთი ფაქტი, რამაც უნდა გამოიწვიოს საქართველოს მოსახლეობის გაბრაზება, რაც არ გამოსდით და ძალიანაც კარგი რომ არ გამოსდით," - თქვა ეკა სეფაშილმა. 

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს აქეთ სდებს ტყუილში ბრალს. 

ვინ გითხრათ, რომ სანდრო დარახველიძემ მოატყუა, იქნებ ეს ბატონი არის ის მატყუარა, რომელიც ეხლა აკეთებს ამ განცხადებას. თან თუ დავაკვირდებით,  ამ განცხადებაში ის არ ამბობს სანდრო დარახველიძეს ჰკითხა თუ არა და დააზუსტა თუ არა, ჭავლში იყო თუ არა რაიმე ნივთიერება გარეული. 

ერთი წლის მერე, რო რაღაცას ამბობს ეგრე არ არის საქმე.  ერთი წლის მერე ეს ფილმი რომ გაუშვეს "ფეიკი" და ახლა რომ გადმოეწყვნენ და ახლა რომ აღმოაჩინეს ბუმბულ გაცვენილები ეგრე არ არის. თუ რამე ინტერესი ჰქონდათ და თუ რამე კონკრეტიკა ჰქონდათ, მათ მაშინვე შეეძლოთ უფრო მეტი კონკრეტიკის მოთხოვნა.

ამ ჩინოვნიკების მოტივი არის ერთი რამ,  ამ ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ ეს ხალხი არის მავნე მოტივებით მამოძრავებელი ხალხი. მათი სიტყვები არის სწორედ ამ კონტექსტში გასატარებელი. ნახონ რა არის "კამიტი", რას უშვრება "კამიტი", ქიმიური იარაღი ხალხს და მერე ილაპარაკონ საქართველოზე. ერთი დაზარალებული ვერ აღმოჩნდა მთელი ამ წლის განმავლობაში," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

  • ცნობისთვის, ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს იმ პირების დასჯას, რომლებმაც ერთი წლის წინ თბილისში საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა განახორციელეს.
  • სტრასბურგიდან შესაბამისი წერილები პირდაპირ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა.

მსგავსი სიახლეები