“დიდი ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი ბარათი აჩვენა“ - დიპლომატები საელჩოს განცხადებაზე
“ქართულ ოცნებას“ დიდი ბრიტანეთიდან ახალი გაფრთხილება წამოეწია. საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ დიპლომატიური წერილით “ოცნებას“ მიანიშნა, რომ თუ ქართული მხარე ბრიტანულ სანქციებს არ აღასრულებას, ეს ისევ საქართველოს დააზარალებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი ბარათი აჩვენა,- ასე აფასებენ დიპლომატები საელჩოს განცხადებას და ფიქრობენ, რომ აღნიშნული განცხადებით მათ გარკვეული დრო მისცეს “ოცნებას“ აღასრულონ ის სანქციები, რომლებიც დააწესა თავად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ.
ბრიტანეთის საელჩოს და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამაზე მეტი მინიშნება შეუძლებელია. რომ შევეშვათ იმ სისულელეებს “დიფსთეითი“, გლობალური ომის პარტიები და რაღაცები, ეს არის სერიოზული გაფრთხილება, ფეხბურთის ენაზე - ყვითელი ბარათია დაახლოებით, ვიდრე წითელ ბარათს აუნთებენ ვიღაც-ვიღაცებს, ბუნებრივია, ეს იმ ბიზნესმაც უნდა აღიქვას ადეკვატურად და ამათმაც, “ქოცნებას“ ვგულისხმობ. ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი სიურპრიზი იყო, რომ “რუსნეფტი“ დაასანქცირეს და თან დღესვე რომ დაიდო განცხადება, ამასაც არ ველოდი. როოგორი დასკვნაც მე გამოვიტანე, უფრო პერსონალური სანქციები იქნება, მაგრამ ქვეყნის მიმართაც შეიძლება იყოს. ან ქვეყნის მმართველი პირების მიმართ. არ არის აუცილებელი ქვეყენა დაასანქცირონ, - განაცხადა ზურაბ ფარჯიანმა.
რისკების შესახებ საუბრობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც. მისი თქმით, ნებისმიერი ფორმით, ამ სანქციებზე თავის არიდება, შესაძლებელია კომპანია ან სუბიექტი თავადაც მოექცეს სანქციების ქვეშ.
რისკი არის უდიდესი, პირველ რიგში, ტექნიკურად, ჩვენ რომ სანქციები გავიაზროთ, შეუძლებელია ის არ აღსრულდეს. დოლარში, ევროში, ფუნტისტერლინგში ტრანზაქცია და ანგარიშსწორება შეუძლებელია. ნებისმიერი ფორმით, ამ სანქციებზე თავის არიდება, პოტენციურად ამ სუბიექტსაც, იქნება ეს ქვეყანა თუ რომელიმე კომპანია, რომელიც გვერდს აუვლის ამ სანქციებს, რა თქმა უნდა, ისიც შესაძლებელია სანქციების რისკის ქვეშ მოექცეს, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
ლონდონმა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის, სანქციები დაუწესა - დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს კიდევ სამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს.
რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.