"პროგრეს ბანკის" საქმე - ოპოზიცია ივანიშვილი–კალაძის შესაძლო დაპირისპირების ნიშნებზე საუბრობს
კახი კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ მემკვიდრე სტრუქტურიდან ფინანსური დოკუმენტების ამოღებამ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში გააჩინა ვარაუდები, რომ საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც შიდა ძალაუფლებრივ დაპირისპირებას, ისე ფინანსურ ინტერესებს „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებში.
განიხილება ვერსია, რომ გამოძიებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ურთიერთობებზე ბიძინა ივანიშვილსა და კახი კალაძეს შორის.
კალაძეზე არაერთი რამ გვსმენია, იქნებოდა ეს კორუფციული გარიგებები, თუ სხვა, ძველი ბიზნესინტერესები, თუ ეს არის მათი გუნდის შიგნით რაღაც დევნის სარჩულით, ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ივანიშვილის კარზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხდება ანგარიშის გასწორება და ესეც შეიძლება, ასე მოხდეს ცოტა ხანში, - ამბობს გიორგი სიორიძე.
დავით მჟავანაძის შეფასებით, „პროგრეს ბანკის“ საქმე ორივე მხარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და კახი კალაძისთვის, ურთიერთსაზიანო კომპრომატს წარმოადგენს. მისი თქმით, საქმე შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც კალაძის წინააღმდეგ, ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ბანკის საქმიანობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ფართომასშტაბიან ფინანსურ ოპერაციებსა და საერთაშორისო რისკებს.
პროგრეს ბანკის საქმე არის ერთგარი ორლესური მახვილი ბიძინა ივანიშვილისთვის და კახი კალაძისთვის. ეს ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, ემსახურებოდადიდი შავი ფულის გათეთრებას, ამ ბანკში ერთმააანეთის ბიზნესპარტნიორები იყვნენ ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე სხვა რუს ბიზნესპარტნიორებთან ერთად. შესაბამისად, ეს საქმე, ერთის მხრივ, არის კომპრომატი ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც, შეიძლება, კახი კალაძემ გამოიყენოს და ამხილოს ივანიშვილი დიდი საერთაშორისო ფინანსური დანაშაულის ჩადენაში და ისედაცს ანქცირებული ივანიშვილი და სანქცირების მოლოდინში მყოფი ივანიშვილი შეიძლება, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს და ეს არის კომპრომატი კალაძის ხელში, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის კომპრომატი ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელსაც შეუძლია, კახი კალაძე ყურებით დაიჭიროს აი, ამ ბანკის და ამ ფულის გათეთრების საქმის გამო, - ამბობს დავით მჟავანაძე.
ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ კალაძის მიმართ ინტერესის ზრდა უკავშირდება მის გავლენასა და ფინანსურ მასშტაბებს, რაც, მისი შეფასებით, ივანიშვილისთვის პოლიტიკურად სენსიტიური ხდება. მისი აზრით, ასეთ შემთხვევებში ივანიშვილის გუნდის შიგნით ხშირად იწყება პროცესები, რომლებიც საბოლოოდ კონკრეტული ფიგურების ჩამოშორებით სრულდება.
კახა კალაძის კოურციის მასშტაბებმა შეიძინა ის ფორმები და ის მასშტაბი, რაც ივანიშვილს აღელვებს, იმიტომ, რომ ივანიშვილს, რეალურად, არ უყვარს ადამიანები, რომლებიც მასზე მეტს იპარავენ და იპარავენ იმ ლიმიტზე მეტს, რომელიც მას დაწესებული აქვს მოსაპარად "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის. ამიტომაც, ადრე თუ გვიან, კახა კალაძე არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ადგას იმ გზას, რა გზაც გაატარა ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, რიჟვაძეს და ა.შ. ბიძინა ივანიშვილმა, - ამბობს ანა წითლიძე.
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, კახი კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ მემკვიდრე სააქციო საზოგადოებიდან გამომძიებლებმა ყველა ფინანსური დოკუმენტი ამოიღეს. საუბარია ტრანზაქციებზე, აქციონერთა დეპოზიტებსა და გადარიცხვებზე.
საქმესთან დაკავშირებით 2024 წლის 24 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა გიორგი მოდრეკელიძის სახლში, რომელიც ბანკის გარდაქმნის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად ითვლებოდა. დოკუმენტაცია მის საცხოვრებელში 2018 წლიდან ინახებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ ბანკში თავისი წილი ოფიციალურად 2013 წელს გაყიდა, ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ მისი გარემოცვა ფინანსურ სტრუქტურაზე გავლენას ინარჩუნებდა.