"ჩვენ არ არის მე" - ვინ დაიწყო, გამოძიება კალაძის ყოფილი ბანკის საქმეზე? (კომენტარები)

22.12.25 17:30
"ჩვენ არ არის მე" - ვინ დაიწყო, გამოძიება კალაძის ყოფილი ბანკის საქმეზე? (კომენტარები)

კორუფციის მკვლევარების შეფასებით, „პროგრეს ბანკის“ საქმეზე გამოძიების დაწყება დაგვიანებულია და კითხვებს აჩენს როგორც დროის არჩევა, ისე პროცესის რეალური მოტივები.

"შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებლის, ქეთევან ენუქიძის თქმით, საქმე წლების განმავლობაში არსებობდა საჯარო სივრცეში კონკრეტული მინიშნებებითა და დოკუმენტური მასალებით, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ამ ფონზე, ახლა დაწყებული გამოძიება აღიქმება არა სისტემური მართლმსაჯულების ნაწილად, არამედ კონტექსტურად შერჩეულ პროცესად, რომლის მიზნები და საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მე არ მგონია, რომ ეს გამოძიება არის კახა კალაძის ინიციატივით დაწყებული. ის კი ამბობს, რომ "ჩვენ", მაგრამ "ჩვენ" არ არის - "მე". "ჩვენ" შეიძლება იყოს ხელისუფლება, შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი, შეიძლება იყოს საგამოძიებო უწყებაში მყოფი ის ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, უნადთ ამის გამოძიება და ნებართვა ამისთვის კახა კალაძისგან არ აუღიათ. პრობლემა არის ის, რომ წლების განმავლობაში არ იყო ეს საკითხი გამოკვლეული და გამოძიებული მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო ამაზე ნათქვამი, არაერთი მინიშნება იყო გაკეთებული, არაერთი დოკუმენტური მასალა იყო წარდგენილი, მაგრამ... ან იმიტომ არ აკეთებდნენ ამაზე კომენტარს, რომ იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ ეს რელევანტური არ იყო, ან უბრალოდ, ვიღაცის ინტერესში შედის, რომ ახლა იყოს ეს საქმე გამოძიებული იმ ანტიკორუფციული დიდი მოძრაობის ეგიდით, რომელიც ბოლო პერიოდში აქს დაწყებული ქართულ ხელისუფლებას, - ამბობს "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ოთარ სირაძე ყურადღებას ამახვილებს დაგვიანებულ გაოძიებაზე და იმ რისკებზე, რომლებიც, მისი თქმით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქმის მიმდინარეობასთან და დოკუმენტური მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან.

გამოძიება კი არ უნდა დაწყებულიყო ახლა, არამედ ბევრი წლის უკან, მაშინ, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ობიექტური, სამართლიანი გამოძიების ჩატარებას. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტრაგედია ისიც არის, რომ გამოძიებები არის მხოლოდ ფორმალური და იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებას სასურველი შედეგი სჭირდება. ახლა დაწყებული გამოძიება მე არ ვიცი რას ემსახურება. ფაქტია, იმას ემსახურება, რომ ის დოკუმენტები, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ პროგრეს ბანკი დაკავებული იყო არაკანონიერი საქმიანობით, ფულის გათეთრებით, მათ შორის არაერთი პანამური ოფშორული თანხების, კრიმინალური თანხების გათეთრებით, აი, ამ დოკუმენტაციის გაქრობით და კვალის დაფარვით და მათ შორის, ალბათ, სხვაზე გადაბრალების მცდელობა, - ამბობს ოთარ სირაძე.

„ნოდარ მელაძის შაბათმა" გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ მემკვიდრე სააქციო საზოგადოებიდან, „პროგრესიდან“ გამომძიებლებმა ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. 

ამავე წყაროს თანახმად, საქმესთან დაკავშირებით 2024 წლის 24 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა გიორგი მოდრეკელიძის სახლში.  ეს არის ის პირი, რომელიც ბანკში მუშაობდა და მოგვიანებით მისი მემკვიდრე სააქციო საზოგადოების ფორმალურ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

ნოდარ მელაძის შაბათში გასული ინფრომაცია დღეს კახა კალაძემაც დაადასტურა. დედაქალაქის მოქმედი მერის მტკიცებით, „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მისი ინიციატივით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები