ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება თავისუფლების სანაცვლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ

30.12.25 17:19
ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება თავისუფლების სანაცვლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილის კობა გაბუნიას ადვოკატის, გოჩა კვირიკაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მათ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები აცნობა, რის საფუძველზეც მისი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. 

კობა გაბუნიას ადვოკატის მტკიცებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გამოძიებისთვის ჩვენება ქარსელაძის წინააღმდეგ არ მიუცია, თუმცა უფლებადამცველი ადასტურებს, რომ ბრალდების მხარემ მის დაცვის ქვეშ მყოფს კითხვები ქარსელაძეზეც დაუსვა. 

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალდებას მიაწოდა ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით და ბრალდებამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ახლა აუცილებლობა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩენილიყო ძალაში და გადასინჯეს... რასაც ედავებოდნენ იმასთან დაკავშირებით. 

ირაკლი ქარსელაძესთან მიმართებაში რაიმე ჩვენება ბატონი კობა გაბუნიას მიერ არ ყოფილა... მხოლოდ საქმეში არსებულ მასალებთან მიმართებაში, ამ კვალიფიკაციასთან მიმართებაში მისცა ჩვენება, მიაწოდა თავის საქმიანობასთან დაკავშირებით. 

ვინმესთან, აი ქარსელაძე აიღეთ, ასეთი რაიმე ჩვენება... ვინც საქმეში ფიგურირებდა იმასთან დაკავშირებით იქნა ჩვენება მიცემული. 

ხო [ქარსელაძესთან დაკავშირებით დაუსვეს გამომძიებლებმა კითხვები], ხომ არ იყოო კავშირიო, იყო ასეთი კითხვა, თუმცა გამორიცხულია და არ გეგონოთ... რეალობა რაც იყო, იმასთან მიმართებაში იქნა გამოკითხული და მიცემული ობიექტური... საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქნა ინფორმაცია მიცემული," - ამბობს გოჩა კვირიკაშვილი. 

გამოძიება კობა გაბუნიას ბაღების და სკოლების მშენებლობებისთვის განკუთვნილი მილიონების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

  • აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც. 

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა. 

რას ედავება გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსან: 

  • მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაგი კაპიტალი“.
  • ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ „ლაგი კაპიტალი“ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საავანსო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და „ლაგი კაპიტალს“, ეტაპობრივად, ავანსის სახით გადაურიცხა 11 200 000 ლარზე მეტი თანხა. ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს.
  • შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა.