არ გამიკვირდება, რომ უახლოეს დღეებში ზურაბიშვილმა ფეხი დაკრას და კარგა ხნით წავიდეს ქვეყნიდან - სააკაშვილის ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უახლოეს პერიოდში ქვეყანა დატოვოს, რადგან ამ მიზეზით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება გააჭიანუროს.
უფლებადამცველი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციური ლიდერების შეწყალების საკითხს იხსენებს და ამბობს, რომ საერთაშორისო წნეხის შემდეგ პრეზიდენტს მათი გათავისუფლება მოუწია.
ბასილაია დარწმუნებულია, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციის კონსოლიდაციის შემთხვევაში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს მოშიმშილე სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს.
სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის ფარგლებში. ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას საქმეები ყველას კარგად გვახსოვს. სალომე ზურაბიშვილი თავიდან იყო უარზე, ჯიუტობდა, მაგრამ როგორც კი საერთაშორისო წნეხი იყო, როგორც კი ოპოზიციის მხრიდან იყო ერთსულოვნება, მან მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება. შესაბამისად, მისი გუშინდელი გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს, ხვალ და ზეგ, როცა ქართველი ხალხი კიდევ უფრო მკაფიოდ მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის ეს პათოსი სადღაც გაქრება.
არ გამიკვირდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფეხი დაკრას და კარგა ხნით წავიდეს ქვეყნიდან, რომ ვითომ ქვეყანაში არ იმყოფება მსგავსი გადაწყვეტილების მისაღბად"- განაცხადა ბასილაიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის პოზიცია "მყარი და უცვლელია". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.